საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში შეიქმნება ერთიანი ციფრული პლატფორმა, რომელიც მოქალაქეებს ფასდაკლებული პირველადი მოხმარების პროდუქტების შესახებ მიაწვდის ინფორმაციას.
ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი განკარგულების მიხედვით, პროექტის განხორციელება კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს დაევალა.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, პროექტის მიზანია საქართველოს მოქალაქეებისთვის ერთიანი ციფრული სივრცის შექმნა, რათა მათთვის მარტივად ხელმისაწვდომი გახდეს ინფორმაცია ფასდაკლებული პირველადი მოხმარების პროდუქტების შესახებ.
გამოყოფილი ბიუჯეტით იგეგმება:
„სოციალური კალათისა და ფასდაკლებული პროდუქტების“ ელექტრონული ვებპლატფორმის დამზადებ და აღნიშნული პლატფორმის გამართვისთვის საჭირო თანმდევი მომსახურების შესყიდვა.
ვებპლატფორმის შესაქმნელად ფული მთავრობის სარეზერვო ფონდიდან იხარჯება. განკარგულების თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული მთავრობის სარეზერვო ფონდიდანსაქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს უნდა გამოუყოს არაუმეტეს 53 000 ლარი.
"ფასების საპარლამენტო კომისაიმ", 1 მაისს თითქმის სამ თვიანი სამუშაო პროცესი დაასრულა FMCG სექტორში ფასების ფორმირების მექანიზმების შესახებ ვრცელი დასკვნა გამოაქვეყნა. დოკუმენტში წერია, რომ საქართველოში სასურსათო პროდუქტების ფასები არ არის ერთ ფაქტორზე დამოკიდებული და მათზე გავლენას ახდენს ღირებულებათა ჯაჭვის ყველა რგოლი მწარმოებლიდან საბოლოო მომხმარებლამდე. სწორედ დასკვნის შემდეგ გახდა ცნობილი, რომ მთავრობა აღნიშნული პლატფორმის შექმნას გეგმავდა.




























