მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ამ კანონს იღებთ იმიტომ, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი“ - მიხეილ დაუშვილი

6407346200e72
თინათინ ნატმელაძე
07.03.23 17:03
570
„თქვენ დაინახეთ, რომ მიუხედავად 12 შეუსრულებელი პუნქტისა, გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან და საჭიროებიდან გამომდინარე, საქართველო მაინც მიიღებდა კანდიდატის სტატუსს, სწორედ ამიტომ გადადგით ეს ნაბიჯი, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი“, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა პარლამენტის სხდომაზე, „უცხოეთის აგენტების“ კანონის განხილვისას განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული კანონპროექტი მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ინტერესებს ემსახურება.

„როდესაც ჩვენი პარტნიორები, შეერთებული შტატები და ევროკავშირის წევრი ქვეყნები, პირდაპირ და ცალსახად გვეუბნებიან, რომ ამ კანონის მიღებით ეს იქნება უკან გადადგმული ნაბიჯი დემოკრატიის გზაზე და თქვენ მაინც ამას აკეთებთ, ეს ნიშნავს იმას, რომ გვაშორებთ იმ მეგობრებს, რომლებზეც დგას ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული დამოუკიდებლობა.

ამიტომ, ამ კანონის მიღებით, თქვენ ზუსტად უნდა იცოდეთ, რომ დიდ ზიანს მიაყენებთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას და ქვეყანას კიდევ უფრო დაუცველს გახდით რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ.

ეს იქნება და დღესაც არის რუსული საქმის კეთება, ვინც ამ კანონს ხელს მოაწერს, ზუსტად უნდა იცოდეს, რომ პასუხისმგებელი იქნება იმაზე, რომ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გადაწყვეტილება მიიღო და გააკეთა ისეთი საქმე, რომელიც მხოლოდ რუსეთის, ოკუპანტის და მტრის ინტერესებში შედის.“ - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

შეგახსენებთ, პარლამენტის პლენარულ სესიაზე აგენტების შესახებ კანონპროექტებს განიხილავენ. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები