გასულ კვირას, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინის უმაღლეს რადაში სიტყვით გამოვიდა, რა დროსაც აღნიშნა, რომ მომავალ კვირას, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მე-12 პაკეტს წარადგენს.
ფონ დერ ლაიენის თქმით, სანქციების ახალი პაკეტით გათვალისწინებული იქნება, როგორც დამატებითი პირების სანქცირება, ასევე ახალი საიმპორტო და საექსპორტო შეზღუდვები, ნავთობზე დაწესებული საფასო ლიმიტის აღსრულების გაუმჯობესებული მექანიზმი და დამატებითი ბერკეტები იმ მესამე ქვეყნების კომპანიების მიმართ, რომლებიც სანქციებს გვერდს უვლიან.
“ევროპაში დიდი ხნის განმავლობაში ეგონათ, რომ შესაძლებელი იყო, როგორც რუსეთთან ვაჭრობა, ასევე მისი ინტეგრაცია ევროპულ უსაფრთხოებაში, მაგრამ ამ მიდგომამ არ იმუშავა. მეტიც, ისინი არ იმუშავებს მანამ, სანამ რუსეთის ქმედებებს იმპერიის შექმნის რეალობას აცდენილი ოცნებები განაპირობებს. ეს ერთ-ერთი ის მთავარი გაკვეთილია, რომელიც თქვენ, უკრაინელმა ხალხმა ამ ომის განმავლობაში გვასწავლეთ. 2014 წლის შეცდომები არ უნდა გავიმეოროთ. რუსეთისადმი მაქსიმალური წნეხის დაწესებას მანამ განვაგრძობთ, სანამ აგრესია არ შეწყდება და უკრაინაში მშვიდობა არ დაისადგურებს”, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას.