ევროკომისიამ დაამტკიცა საკანონმდებლო წინადადებების პაკეტი, რომელიც 2027 წელს უკრაინისთვის €45 მილიარდამდე ($49.5 მლრდ.) დამატებითი ფინანსური დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს.
კომისიის განცხადებით, ეს სახსრები მომავალ წელს ქვეყნის €70-მილიარდიანი საფინანსო დეფიციტის შესავსებად იქნება განკუთვნილი, თუმცა საყურადღებოა, რომ ინიციატივა ჯერ ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა უნდა დაამტკიცონ.
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ 2026 წლისთვის უკრაინის საჭიროებები დაფარულია, კომისია კი ამჟამად 2027 წლის საჭიროებების ორი მესამედის დასაფარად დამატებით €45 მილიარდის გამოყოფაზე მუშაობს.
მისივე თქმით, ევროპა უკრაინის მაქსიმალურ მხარდაჭერასა და რუსეთზე ზეწოლას გააგრძელებს, რათა კიევს მოსახლეობისა და ინფრასტრუქტურის დაცვაში დაეხმაროს.
ინფორმაციისთვის, დაგეგმილი დაფინანსება ორ კომპონენტად დაიყოფა: სამხედრო დახმარებისთვის €25 მილიარდამდე გამოიყოფა, ზოგადი საბიუჯეტო მხარდაჭერისთვის კი - €20 მილიარდამდე. ევროკომისიის განმარტებით, საბიუჯეტო დახმარების მიღება უკრაინის მიერ რეფორმების გატარებაზე იქნება დამოკიდებული. საუბარია კანონის უზენაესობისა და ანტიკორუფციულ სფეროებში გასატარებელ ნაბიჯებზე, რომლებიც ფუნდამენტური კლასტერის შუალედური ორიენტირების შესრულებას უკავშირდება.
რაც შეეხება დაფინანსების წყაროს, ევროკავშირი ამ თანხას კაპიტალის ბაზრებზე სესხების აღებით მოიზიდავს. ამას გარდა, მრავალწლიანი ფინანსური ჩარჩოს მოქმედ რეგულაციაში შევა ცვლილებები, რომლებიც ახალი სესხის ევროკავშირის ბიუჯეტით გარანტირებას უზრუნველყოფს. უკრაინას კი სესხის ძირითადი თანხის დაფარვა მხოლოდ მას შემდეგ მოუწევს, რაც რუსეთისგან რეპარაციებს მიიღებს.
























