ევროკომისია 2027 წელს უკრაინისთვის €45 მილიარდის ($49.5 მლრდ) მოცულობის დამატებითი სესხის გამოყოფასა და მოკავშირეების წასახალისებლად საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებას გეგმავს.
Kyiv Independent-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტის პროექტის ოფიციალური წარდგენა 18 ნოემბერს განხორციელდება და ის დასამტკიცებლად ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს გადაეცემა.
დოკუმენტის პროექტის მიხედვით, €45 მილიარდის მოცულობის სესხი ევროკავშირის ბიუჯეტის რეზერვით იქნება უზრუნველყოფილი, თუმცა უკრაინა ამ თანხას მხოლოდ მას შემდეგ დაფარავს, რაც რუსეთისგან რეპარაციებს მიიღებს. დაფინანსება სამ ძირითად მიმართულებად გადანაწილდება. ყველაზე დიდი წილი, €25 მილიარდი ($27.5 მლრდ) უკრაინის თავდაცვითი მრეწველობის განვითარებას მოხმარდება და კიევის მიერ წარდგენილი შესყიდვების განრიგის მიხედვით გაიცემა.
შესყიდვებისას პრიორიტეტი ევროკავშირისა და უკრაინის მწარმოებლებს მიენიჭებათ, თუმცა საჭიროების შემთხვევაში მესამე ქვეყნებიდან შეძენის მოქნილი მექანიზმიც შენარჩუნდება.
აღსანიშნავია, რომ კიევმა ეს მექანიზმი წარსულში ჩინური დრონების კომპონენტებისა და ამერიკული PAC-3 Patriot-ის ტიპის რაკეტების შესაძენად გამოიყენა, რადგან ევროპელ მწარმოებლებს საჭირო ტემპითა და მასშტაბით ალტერნატივის შეთავაზება არ შეეძლოთ.
რაც შეეხება დანარჩენ €20 მილიარდს ($22 მლრდ), ის თანაბრად, €10-€10 მილიარდად განაწილდება ორ პროგრამაზე - მაკროფინანსურ დახმარებასა და ე.წ. უკრაინის მექანიზმზე. ამ მიმართულებებით თანხები ევროკავშირისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეფორმების განხორციელების სანაცვლოდ გაიცემა.
ცნობისთვის, ევროკავშირს უკრაინისთვის მანამდე €90 მილიარდის ($99 მლრდ) ოდენობის სესხი აქვს დამტკიცებული, რომლის გაცემაც ამჟამად მიმდინარეობს. ბრიუსელში წლის განმავლობაში არაერთხელ აღნიშნეს, რომ ეს პაკეტი კიევის საჭიროებების მხოლოდ ორ მესამედს ფარავდა.
























