ახალი საკონსულტაციო კომპანია Rail Sector Consulting Georgia ქართულ ბაზარზე სარკინიგზო უსაფრთხოების, ოპერაციების მართვისა და თანამედროვე სტანდარტების დანერგვის მიმართულებით ოპერირებს.
ორგანიზაცია ბიზნესსექტორს საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებულ საკონსულტაციო მომსახურებას სთავაზობს, რაც მიზნად ქვეყანაში სარკინიგზო ტრანსპორტის უსაფრთხოებისა და საოპერაციო პროცესების გაუმჯობესების ხელშეწყობას ისახავს - კომპანიის საქმიანობის, დარგში არსებული გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ გადაცემა "საქმიანი დილას" ეთერში Rail Sector Consulting Georgia-ს დამფუძნებელი და დირექტორი, ბაქარ გეწაძე, და იურიდიული მრჩეველი, თინათინ კაციტაძე საუბრობენ.
მათი თქმით, კომპანიის დაფუძნების იდეა სექტორში არსებულმა მრავალწლიანმა გამოცდილებამ და იმ გამოწვევებმა განაპირობა, რომლებიც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ კიდევ უფრო აქტუალური გახდა.
როგორც ბაქარ გეწაძე აღნიშნავს, 2023 წელს სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს (ტექნიკური რეგულატორის) შექმნამ უსაფრთხოების სტანდარტების მიმართ მოთხოვნები მკვეთრად გაზარდა. ეს პირდაპირ კავშირშია ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალთან.
"დღეს, როდესაც შუა დერეფნის როლი აქტუალურია როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ისე მთლიანად რეგიონისთვის, ბიზნესსექტორი ორიენტირებულია უსაფრთხო ოპერაციებზე. რაც არ უნდა განვავითაროთ ლოგისტიკა, თუ ის უსაფრთხოებით არ იქნება გამყარებული, ნებისმიერი ინციდენტი დერეფანში - იქნება ეს რეგიონულ ოპერატორზე (საქართველოს რკინიგზაზე) თუ კერძო ტერმინალებში - უარყოფითად აისახება მთლიანი რეგიონის იმიჯზე," - განმარტავს ბაქარ გეწაძე.
მისივე თქმით, კომპანია მიზნად ისახავს იყოს ერთგვარი დამცავი ფარი და დამაბალანსებელი რგოლი როგორც კერძო სექტორისთვის, ისე "საქართველოს რკინიგზისთვის".
ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად კომპანია ე.წ. მისასვლელი ლიანდაგების მართვას მიიჩნევს. ეს არის პორტებთან, ქარხნებთან თუ მშრალ ტერმინალებთან დაკავშირებული ლიანდაგები, რომელთა მფლობელებსაც კანონმდებლობით უსაფრთხოების კონკრეტული მართვა დაევალათ. ვინაიდან ბევრ კომპანიას არ აქვს შესაბამისი შიდა რესურსი, Rail Sector Consulting Georgia მათ მუდმივ ტექნიკურ აუდიტსა და ოპერაციების მართვას (აუთსორსინგს) სთავაზობს.
"ჩვენ არ შემოვიფარგლებით მხოლოდ ერთჯერადი ინსპექტირებით. ბიზნესს ვთავაზობთ მუდმივ ტექნიკურ აუდიტს. ეს არის აპრობირებული საერთაშორისო გამოცდილება, რომელიც წარმატებით მუშაობს დიდ ბრიტანეთში, გერმანიასა და ესტონეთში," - აცხადებს ბაქარ გეწაძე.
მისივე თქმით, ეს მოდელი ბიზნესისთვის ფინანსურადაც მოგებიანია; სერვისების აუთსორსინგზე გადატანით კომპანიებს საოპერაციო ხარჯების 40%-მდე დაზოგვა შეუძლიათ.
"ბიზნესისთვის ეს გადაწყვეტილება ფინანსურად საკმაოდ ხელსაყრელია. პრაქტიკამ აჩვენა, რომ ამ მიდგომით ხარჯების დაახლოებით 30%-დან 40%-მდე დაზოგვაა შესაძლებელი. როგორც წესი, იმ პერსონალის შენახვა, რომელიც შიდა სარკინიგზო ოპერაციებს მართავს, კომპანიებისთვის მუდმივ ხარჯებთან არის დაკავშირებული - სამუშაოს მოცულობის მიუხედავად, მათ ამ შტატის შენახვა მაინც უწევთ. ჩვენ მათ ვთავაზობთ ალტერნატივას, სადაც ფიქსირებული ხარჯი იცვლება კონკრეტულ მომსახურებაზე მორგებული ცვლადი ხარჯით. ეს კი კომპანიებს საშუალებას აძლევს, სრულად მოახდინონ კონცენტრაცია საკუთარ ძირითად საქმიანობაზე", - განმარტავს კომპანიის დამფუძნებელი.
კომპანიის იურიდიული მრჩეველი, თინათინ კაციტაძე, ხაზს უსვამს, რომ საქართველოში ამჟამად მიმდინარეობს სარკინიგზო კოდექსისა და კანონქვემდებარე აქტების არსებითი განახლება, რაც მოიცავს სახიფათო ტვირთების გადაზიდვას, მემანქანეთა სერტიფიცირებას, მგზავრთა გადაყვანას და სხვა კომპლექსურ საკითხებს. მისი თქმით, ახალ საკანონმდებლო სივრცესთან შესაბამისობაში მოსვლა კერძო სექტორისთვის საკმაოდ რთული პროცესია, რომელიც ერთდროულად ტექნიკურ და სამართლებრივ ექსპერტიზას მოითხოვს.
"ჩვენი გუნდის უპირატესობა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ გავაერთიანეთ როგორც მრავალწლიანი ტექნიკური გამოცდილება, ისე იურიდიული კომპონენტი. კარგად ვიცნობთ საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკას, რომლის მიხედვითაც ახლა ყალიბდება ჩვენი კანონმდებლობა. ეს გვაძლევს შესაძლებლობას, სარკინიგზო ოპერატორებს, ინფრასტრუქტურის მენეჯერებსა და მისასვლელი ლიანდაგის მფლობელებს საიმედო და კვალიფიციური მომსახურება გავუწიოთ," - აღნიშნავს თინათინ კაციტაძე.
Rail Sector Consulting Georgia რეგიონში პირველი კომპანიაა, რომელიც ბაზარს მსგავსი პროფილის მომსახურებას სთავაზობს. დამფუძნებლების თქმით, დაინტერესება უკვე ფიქსირდება მეზობელი ქვეყნებიდანაც - აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან. თუმცა, პირველ ეტაპზე კომპანია ქართულ ბაზარზე პოზიციების სტაბილურ გამყარებას გეგმავს.
"არსებობს ასეთი გამოთქმა: რაც არ უნდა ძლიერი იყოს ინფრასტრუქტურა, გადამწყვეტი როლი მის სწორ ოპერაციულ მართვას ენიჭება. რა მოცულობის კაპიტალიც არ უნდა ჩავდოთ, მართვის ხარისხს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. სწორედ ამ მიდგომასა და თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ ტექნიკურ აუდიტს ვთავაზობთ სარკინიგზო ინდუსტრიის მონაწილეებს," - აცხადებს ბაქარ გეწაძე.
დამფუძნებლის თქმით, ამჟამად რამდენიმე ადგილობრივ კომპანიასთან აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს და პირველი პარტნიორობის შესახებ ინფორმაცია უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.




























