მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამ პარლამენტის არჩეული პრეზიდენტი იქნება "ნამესტნიკი" - გიორგი მარგველაშვილი

გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ XI მოწვევის პარლამენტის მიერ არჩეული პრეზიდენტი ლეგიტიმური არ იქნება, ისევე როგორც თავად ეს პარლამენტი. დღეს, 25 ნოემბერს, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ ახალი პარლამენტი პრეზიდენტს იანვრამდე აირჩევს.

"მათი [პარლამენტის] საქმიანობა ისევე შეიძლება ჩაითვალოს კანონიერად როგორც ითვლებოდა ამავე შენობაში კომუნისტური ერთპარტიული პარლამენტის საქმიანობა. ეს არის ოკუპაციის ფორმა და საოკუპაციო რეჟიმი ატარებს სხდომას. ჩვენი როლი არის ის, რომ ეს ბოლომდე არ მივიღოთ და ძალიან მტკიცე, დაუღალავი ბრძოლით მთელმა საზოგადოებამ შეაქციოს ზურგი მათ ცრუ და ვითომ საკანონმდებლო საქმიანობას. ამ პარლამენტის არჩეული პრეზიდენტი იქნება მხოლოდ "ნამესტნიკი". ის იქნება კრემლის ნამესტნიკი და არა საქართველოს პრეზიდენტი. ეს ყველას ნათლად უნდა გვესმოდეს და არავინ უნდა დაუძახოს იმ ადამიანს პრეზიდენტი", - ამბობს მარგველაშვილი.

საქართველოს კონსტიტუციით, პრეზიდენტს ხუთი წლის ვადით დებატების გარეშე ღია კენჭისყრით ირჩევს საარჩევნო კოლეგია. კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილება 2017 წელს შევიდა. ცვლილების მიხედვით, 2024 წლიდან პრეზიდენტს პირდაპირი არჩევნებით აღარ აირჩევენ.

საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობაში შედის 300 წევრი, მათ შორის საქართველოს პარლამენტის და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრი. საარჩევნო კოლეგიის სხვა წევრებს საკრებულოების შემადგენლობიდან ასახელებენ შესაბამისი პოლიტიკური პარტიები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები