ის საქმეები, რომლებიც ჩემს წინააღმდეგ მიმდინარეობს, არ ასახავს მართლმსაჯულებას, ეს არის დაშინება, - ამის შესახებ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილმა დირექტორმა, გიორგი ბაჩიაშვილმა სააპელაციო სასამართლოში განაცხადა. მის კომენტარს "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
ბაჩიაშვილის განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს.
"ამ ყველაფერს სამართლიანობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ამ საქმეებში პირდაპირ ჩანს, რომ კულუარებში პარალელური პროცესი მიმდინარეობს, სადაც იღებენ გადაწყვეტილებებს, თუ როდის რა საქმე უნდა განიხილონ. წინა სასამართლო ვერ იქნება მიჩნეული თავისუფლად.
ის საქმეები, რომლებიც ჩემს წინააღმდეგ მიმდინარეობს, არ ასახავს მართლმსაჯულებას, ეს არის დაშინება. ეს კი მომჩივნის დაკვეთა იყო და ამ დაკვეთის გარშემო მიმდინარეობს საქმე. ბიძინა ივანიშვილს არასდროს არ ეკუთვნოდა ბიტკოინი.
სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ის ინვესტორი იყო. ბიძინა ივანიშვილისგან ნასესხები თანხა, მე მას ერთ წელიწადში დავუბრუნე. სასამართლომ კი მითხრა, რომ ბიძინა ივანიშვილი ინვესტორი იყოო. შემდეგ დადგინდა, რომ თურმე მესაკუთრე ყოფილა. ივანიშვილის დაკვეთა იყო, რომ მაქსიმალურად თანხის გამოძალვა მომხდარიყო. მე მას არ წავყევი ანტიდასავლურ პროპაგანდაში, რომელსაც ზაზა შათირიშვილი ავრცელებს.
ასევე, მედავებიან "მტკვარი-ჰესის" საქმესა და 2014 წელს ჩადენილ გულგრილობას. მომიწია ქვეყნის დატოვება, უტყუარი ინფორმაციის საფუძველზე, რომლის მიხედვითაც ჩემი ციხეში გაჭყლეტა იგეგმებოდა. შემდეგ აბუ-დაბიში მომიტაცეს და ტომარა ჩამოფარებული ჩამომიყვანეს. ტერორისტიც რომ იყოს ადამიანი, მას ადვოკატი ნახვის უფლება ხომ უნდა ჰქონდეს, მხედრიონის დრო ხომ არ არის? ციხეში ჩემი "გაჭყლეტა" მოხდა, როდესაც ჩემზე ფიზიკური ძალადობა განხორციელდა.
ჩემს წინააღმდეგ მიმდინარეობდა პროპაგანდა, რომელსაც ქვეყნის პირველი პირველი პირები ეწეოდნენ. დავალება იყო მიცემული, რომ ეს შედეგი დამდგარიყო. მე ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებებით ვერ ვსარგებლობ, აქ თუ სამართალს ვერ ვნახავ, ევროპულ სასამართლოში წავალ",- განაცხადა ბაჩიაშვილმა.
"თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელის წინააღმდეგ ამ დროისთვის ჯამში სამ საქმეზეა სისხლის სამართლის კოდექსით დაწყებული გამოძიება. 2025 წლის 10 მარტს მას "კრიპტოვალუტების საქმეზე" საქალაქო სასამართლომ 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, რაც მოგვიანებით ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომაც. 30 სექტემბერს საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მას 4.5 წელი მიესაჯა.




























