მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ამ ქვეყანაში ხმის ამოღება დასჯადი გახდა"|ინტერვიუ ოპოზიციის ალიანსის გეგმებსა და შიშის დაძლევის გზებზე

სს

„თუ ადამიანები დაინახავენ, რომ [ოპოზიციის ალიანსი] გულწრფელად არის ბრძოლაში, აპირებს გამარჯვებას და მათ მიჰყვება საზოგადოების დიდი უფრო მეტი ადამიანი გარისკავს, ხმა ამოიღოს“, - ეს განცხადება „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ გააკეთა, სადაც ინტერვიუს მთავარი თემა 9 პროდასავლური პარტიის მონაწილეობით შემდგარი ოპოზიციის ალიანსის გეგმები იყო.

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ოპოზიციის ალიანსის სტრატეგიული მიზანია, საზოგადოების უდიდესი უმრავლესობის მობილიზება მშვიდობიანი პროტესტისა და რეჟიმის დემონტაჟისთვის, რაც ქვეყნის ევროატლანტიკური კურსის აღდგენას მოიტანს.

პირველი - „ქართული ოცნების“ ხელისუფლების არაღიარება და ართანამშრომლობა; მეორე - პროტესტის გაძლიერება (ქუჩა); მესამე - გარედან წნეხის გაძლიერება - პოლიტიკოსი განმარტავს, რომ ოპოზიციის ალიანსმა თანამშრომლობის დოკუმენტში ზოგადი სტრატეგია გაწერა და „კონკრეტულ ნაბიჯებზე“ ახლა მსჯელობენ. „რაზედაც შევთანხმდებით, გამოვიტანთ საჯაროდ“, - თქვა მან.

ოპოზიციურ ალიანსს, ჯერჯერობით, არც იმაზე აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია, მონაწილეობას მიიღებენ თუ არა ვადამდელ არჩევნებში თუ „ქართული ოცნება“ მას დანიშნავს.

ინტერვიუ ზურაბ ჯაფარიძესთან

- "როცა პოლიტიკურ ველზე არ არის ერთობა, რთულია ბიზნესს მოსთხოვო პოზიციის დაფიქსირება...“ - მსგავსი შინაარსის პასუხებს ვიღებდი ხოლმე ბიზნესმენებისგან, როცა ვეკითხებოდი - სულ უფრო ნაკლებად რატომ ისმის ბიზნესსაზოგადოების სამოქალაქო პოზიცია ხმამაღლა... ამიტომაც და BMG-ის პროფილის გათვალისწინებით, ოპოზიციის ახალ ალიანსზეც სწორედ გადასახადების გადამხდელების გადმოსახედიდან გკითხავთ - რატომ უნდა დაიჯეროს ბიზნესმენმა, რომ ამ ჯერზე მაინც გამოუვა ოპოზიციას ერთობა და ცვლილებები?

- ბევრი რაღაც იყო ამ კითხვაში, მაგრამ მთავარი ამბავი არის ის, რომ ეს მარტო ბიზნესს არ ეხება, ეს ეხება რიგით ადამიანებსაც... ამ ქვეყანაში ხმის ამოღება არა უბრალოდ სარისკო ქმედება გახდა, არამედ უკვე დასჯადი ქმედებაც, ხომ?! ანუ სინამდვილეში რის გამო დაგსჯიან - ისეთი ტიპის შეზღუდვები შემოდის გამოხატვის თავისუფლებაზე, რომელიც იძლევა ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას. [გამოხატვის შეზღუდვა] თავისთავად პრობლემაა, მაგრამ ეს ფართო ინტერპრეტაცია კიდევ უფრო მეტი პრობლემა არის. ამიტომ ნებისმიერ რამეზე ნებისმიერი მოქალაქე შეიძლება დასაჯონ, მიუხედავად იმისა, ეს ადამიანი ბიზნესს აკეთებს თუ - არა. გამოხატვის თავისუფლება, სიტყვის თავისუფლება არის ბოლო იარაღი, რომელიც დაგვრჩა ახლა ასეთი ტიპის რეჟიმების წინააღმდეგ ბრძოლაში, მათ შორის იმ სტადიაზე, რა სტადიაზეც ახლა ეს რეჟიმია ამ ქვეყანაში. ჰოდა, ბოლო იარაღი რაც გვაქვს, სწორედ ამიტომ არის, რომ ბოლო პერიოდის რეგულაციები პრაქტიკულად ყველა ეხება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას - იქნება ეს ბიზნესმენებისთვის აზრის დაფიქსირების აკრძალვა თუ ტროტუარზე დგომის აკრძალვა. რაც შეეხება იმას, როგორ უნდა დაიძლიოს ეს რისკები და შიშები - მგონია, რომ მანდ ორი რამეა მნიშვნელოვანი: ერთი, ადამიანებმა უნდა დაინახონ, რომ არსებობს ჯგუფი, რომელიც იბრძვის გამარჯვებისთვის და აქვთ ფართო საზოგადოების მხარდაჭერა. პლუს, პოლიტიკოსების ეს ჯგუფი სთავაზობს საზოგადოებას გასაგებ გზას, თუ როგორ მივდივართ გამარჯვებამდე. თუ ადამიანები დაინახავენ, რომ ეს ჯგუფი გულწრფელად არის ბრძოლაში, აპირებს გამარჯვებას და მათ მიჰყვება საზოგადოების დიდი ნაწილი, ასეთ შემთხვევაში უფრო მეტი ადამიანი გარისკავს ხმის ამოღებას. დღეს ხმის ამოღება უკვე ნიშნავს პროტესტს, პროტესტი კი ნიშნავს, რომ შეიძლება დაგაჯარიმონ, დაგიჭირონ, შენი ოჯახის წევრი სამსახურიდან გამოაგდონ და ყველანაირად მოგახრჩონ. იმისთვის, რომ ადამიანმა ეს გარისკოს, სჭირდება დაინახოს ალტერნატივა. მგონია, რომ [ოპოზიციის] ალიანსი არის მცდელობა და კარგი შანსი, ადამიანებმა დაინახონ ეს ჯგუფი - ეს არ არის მხოლოდ ეს 9 პარტია; ჩვენ დოკუმენტშიც წერია, რომ ვაპირებთ თანამშრომლობას სხვა პარტიებთან და სამოქალაქო ჯგუფებთან, ვინც იგივე წესებს დაიცავს.

- რით განსხვავდება ეს ალიანსი ოპოზიციის ერთობის წინა მცდელობებისგან? - გვახსოვს „ქართული ქარტია“, შემდეგ - „რვიანი“... და ასევე, რა ინსტრუმენტებია ალიანსის არსენალში იმისთვის, რომ მიზანი მიიღწეს?

- „ქართული ქარტიის“ ტექსტის მნიშვნელოვანი ნაწილი გადმოტანილია ამ დოკუმენტში, მაგრამ ქარტია ეხება კონკრეტულად რეფორმებს (ვენეციის კომისიის, ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს), რომელიც საჭიროა ევროკავშირთან მოლაპარაკებების გასახსნელად... მეტს ქარტია არაფერს ეხება.

- მე უფრო მეტად ვიგულისხმე ოპოზიციის ერთობა რამდენად გამოსვლადია... რაღაცნაირად სახელი გაქვთ გატეხილი საზოგადოებაში...

- შეიძლება... არ ვიცი. ეს ალიანსი კი, განსხვავდება იმით, რომ აქ არის ერთი - გაწერილი სტრატეგია, როგორ მივდივართ გამარჯვებამდე (რაც აქამდე ტექსტად არ ყოფილა) და მეორე - გაწერილია ერთმანეთთან თანამშრომლობის წესები.

- როგორ მიდიხართ - რა არის ის კონკრეტული ინსტრუმენტები, რაც ქმედითად მიგაჩნიათ?

- დოკუმენტში არის ზოგადი სტრატეგია: პირველი - არაღიარება და ართანამშრომლობა რეჟიმთან; მეორე - პროტესტის გაძლიერება (ქუჩა); მესამე - გარედან წნეხის გაძლიერება. ამას ისედაც ვაკეთებდით ცალ-ცალკე, მაგრამ ახლა გვექნება ბევრად კოორდინირებული ქმედებები. კონკრეტულ ნაბიჯებზე ახლა ვმსჯელობთ და რაზედაც შევთანხმდებით, გამოვიტანთ საჯაროდ. ამოცანაა - ადამიანებისთვის გზა იყოს გასაგები. რაღაცები ჩანს, რაღაცები - გამოჩნდება, რაღაცები - ვერა, რადგან ბევრი რამ დასჯადი გახადეს. პარტიები გააგრძელებენ საკუთარ საქმიანობასაც, რადგან იდეოლოგიური განსხვავებები გვაქვს, მაგრამ ეს დოკუმენტი არის საფუძველი ამ სამი მიმართულებით ერთობლივი მოქმედებისთვის.

- საერთაშორისო პარტნიორებისგანაც გვსმენია კრიტიკა, რომ ოპოზიციაში ერთობა არ არის და არ იციან, ვის ელაპარაკონ ცვლილებების შემთხვევაში....

- სიმართლე გითხრათ, ეს არსებითი საკითხია. საერთაშორისო პარტნიორებისთვის მნიშვნელოვანია იცოდნენ, ვის ელაპარაკებიან - ყოველ ჯერზე 25 პარტია ვერ დაელაპარაკება. ალიანსის შიგნით ეს მოხერხდება - ჩვენ გადავწყვეტთ, ვინ ისაუბრებს ალიანსის სახელით. გასაგებია, რომ მრავალფეროვნება ჩვენი სიმდიდრეა, მაგრამ სტრატეგიულ საკითხებზე ერთი ხმა უნდა გვქონდეს.

- პერიოდულად საზოგადოებაში ჩნდება მოლოდინი, რომ „ოცნებამ“ შესაძლოა ვადამდელი არჩევნები დანიშნოს. თუ გაქვთ პოზიცია შეთანხმებული, რას აპირებთ ამ შემთხვევაში?

- ამაზე მსჯელობა იყო და ვაპირებთ გაგრძელებას. ცალსახა პოზიცია ახლა არ გვაქვს, მაგრამ შეთანხმებული ვართ პოსტულატებზე - არ შეიძლება რეჟიმისთვის ლეგიტიმაციის მიცემა და მისი ნორმალიზაცია... ალიანსის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი სადისკუსიო სივრცეა, რომელიც დროთა განმავლობაში პოლიტიკურ მოთამაშეებს შორის გააჩენს ნდობას. ნდობის აშენებას დრო სჭირდება და ეს დოკუმენტი ნიშნავს, რომ რაღაც ნდობა უკვე გაჩნდა.

- ეს ნდობა იმან გააჩინა, რომ სხვა გზა ვერ დაინახეთ?

- ჩემი აზრით, ნდობა გააჩინა კომუნიკაციამ. ვფიქრობ, ამ ყველაფერმა ერთმანეთთან კომუნიკაციამდე მიგვიყვანა. ეს არ იყო მარტივი პროცესი, საკმაოდ რთული გზა გავიარეთ, მაგრამ ამ კომუნიკაციამ ყველას დაგვანახა - ჩემი ჩათვლით და აქ მხოლოდ სხვებზე არ ვსაუბრობ, რომ საბოლოო ჯამში, შეგვიძლია ერთმანეთს არ ვეძახოთ მოღალატეები და მტრები. ჩვენი გადაწყვეტილებების მიღმა უნდა დავინახოთ არა ის, რომ ვინმე ვინმესთან არის გარიგებული ან პოტენციურად შეიძლება გარიგდეს, არამედ დავინახოთ ის არგუმენტაცია და რაციონალი, თუ რატომ გადადგა ამა თუ იმ მხარემ კონკრეტული ნაბიჯი...

- ოპოზიციური ალიანსი და შეთანხმება დაგიცავთ ამისგან თუ საკმარისად მომწიფდა ოპოზიცია?

- ამ საქმეში არ არსებობს 100%-იანი გარანტიები, მაგრამ ეს დოკუმენტი და ეს შეთანხმება და ის გზა, რომელიც ერთად გამოვიარეთ (მათ შორის, ამ გზის მნიშვნელოვანი ნაწილი რამდენიმე პოლიტიკური ლიდერის გარეშე გაიარეს სხვადასხვა პოლიტიკურმა ძალებმა. ჩემი ჩათვლით - მე, ვაშაძე და გვარამია ციხეში ვიყავით, როცა ეს პროცესი სხვებმა, ჩვენი პარტიის წარმომადგენლებმა დაძრეს), არის კარგი საფუძველი იმისთვის, რომ ამაზე კიდევ ბევრი რამ დაშენდეს. საერთო განწყობა ყველასი, ვინც ახლა ამის ნაწილია, არის ის, რომ ამაზე კარგი რაღაცები უნდა დავაშენოთ და ერთობლივად გაცილებით მეტის მიღწევა შეგვიძლია, ვიდრე ცალ-ცალკე...

- მზად ვართ, როცა უფრო კონკრეტულ გზებსა და ინსტრუმენტებს შეიმუშავებთ, კვლავ დაგითმოთ BMG-ის პლატფორმები მოქალაქეებთან სასაუბროდ...

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები