მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამ ქვეყანაში შშმ პირთა საკითხები დღის წესრიგში არასდროს არ დადგა - ინკლუზიური განათლების სამმართველო გაუქმდა

ინკლუზიური განათლება

განათლების სამინისტრომ ინკლუზიური განათლების სამმართველო გააუქმა. აღნიშნულზე, საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის თავმჯდომარემ, ლია ტაბატაძემ BMGTV-ის გადაცემაში „ქალების ნარატივი“ განაცხადა, რომ შშმ პირთა საკითხები საქართველოში არასდროს ყოფილა სახელმწიფოს პრიორიტეტული მიმართულება. ინკლუზიური განათლების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები კი, დღეს უკუსვლის ეტაპზეა.

„ამ ქვეყანაში შშმ პირთა საკითხები არასდროს არ დადგა დღის წესრიგში. ახლა კი, თითქოს სირცხვილადაც კი იქცა ამაზე საუბარი. ამ დროს, როცა ქვეყანაში კრიზისია, ყველაზე მეტად სწორედ ეს ადამიანები იჩაგრებიან“, – განაცხადა ტაბატაძემ.

მისი თქმით, ინკლუზიური განათლებისთვის ცალკე სამმართველოს არსებობა მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო, რადგან ის მიანიშნებდა სახელმწიფო პრიორიტეტებზე. თუმცა, ამ სტრუქტურის გაუქმება, ტაბატაძის შეფასებით, ადასტურებს, რომ სახელმწიფო პოლიტიკა ადამიანის უფლებებისა და ინკლუზიის მიმართულებით აღარ არის პრიორიტეტული.

„მთავარი პრობლემა ის არის, რომ ქვეყანამ კურსი იცვალა – გადაუხვია იმ გზას, რომელიც ევროკავშირში ინტეგრაციას და ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებზე დაფუძნებულ ღირებულებებს გულისხმობს. ევროკავშირი ადამიანის უფლებებზე და ინკლუზიაზე დგას და შეუძლებელია ამ მიმართულებით პოლიტიკის წარმოება მაშინ, როდესაც ქვეყანა ევროპული კურსიდან უხვევს.

თავიდანვე ვიცოდით, რომ ევროინტეგრაციის კურსის გადახვევის შემდეგ, ინკლუზიური განათლების საჭიროების მქონე ადამიანები პირველები იქნებოდნენ, ვისზეც ეს უარყოფითად აისახებოდა. თუმცა, მოლოდინზე უფრო ადრე დაიწყო უკუსვლა,“ – აღნიშნა მან.

ტაბატაძე ამბობს, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები მოქალაქეებთან და სამოქალაქო სექტორთან კონსულტაციის გარეშე მიიღეს, რაც შშმ პირების უფლებებს არღვევს. როგორც მან აღნიშნა, ინფორმაცია ინკლუზიური განათლების სამმართველოს გაუქმების შესახებ მხოლოდ მაშინ გავრცელდა, როცა ამ სტრუქტურის ხელმძღვანელი კოლეგებს ოფიციალური წერილით დაემშვიდობა.

„წლებია ვამბობთ, რომ მხოლოდ ერთი სამმართველო არ ჰყოფნის ამ მიმართულებას. საჭირო იყო მისი გაძლიერება, შესაძლოა – ცალკე დეპარტამენტის შექმნაც კი. სამწუხაროდ, საპირისპირო მივიღეთ“, – განაცხადა ტაბატაძემ.

მისივე თქმით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის გამოწვევები ცხოვრების ყველა ეტაპზე არსებობს. დაწყებული სკოლამდელი განათლებიდან, დასრულებული დამოუკიდებელი ცხოვრების შესაძლებლობებით. ამის ფონზე, კი სახელმწიფომ ის უწყება დახურა, სადაც გამოწვევის არსებობის შემთხვევაში მიმართვა იქნებოდა შესაძლებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები