საქართველოს მთავრობამ მიიღო კანონი, რომელიც არ შეესაბამება ევროპულ კანონმდებლობას და შესაბამისად, მისთვის ამ კანონით ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები არ გაიხსნება – ამის შესახებ გერმანიის ელჩმა საქართველოში პიტერ ფიშერმა BMG-ისთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. ეს გერმანიის ელჩის პირველი ინტერვიუა გუშინ, „ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემდეგ.
პიტერ ფიშერი ამბობს, რომ გერმანიას (და ევროკავშირს) მარტივი გზავნილი აქვს – „თუ გსურთ შეუერთდეთ ევროკავშირს, დააკმაყოფილეთ ჩვენი სტანდარტი. სახელმწიფოები, რომლებიც უერთდებიან ევროკავშირს, ყოველთვის ახდენენ ევროკავშირის კანონმდებლობასთან ადაპტირებას. სწორედ ამას ნიშნავს ევროკავშირის წევრობა,“ – განმარტავს გერმანიის ელჩი საქართველოში და ხაზს უსვამს „ქართული ოცნების“ რიტორიკასაც.
„თუ გსურთ კავშირში შემოსვლა, მაგრამ ამავდროულად მას სულ აკრიტიკებთ და ამბობთ, რომ ის საშიშია, გლობალური ომის პარტიაა – და ეს არ არის ჩემი ტერმინი. მე არ მომწონს ეს ტერმინი. მგონია, რომ გლობალური ომის პარტია არ არსებობს – მაშინ საკუთარ თავს უნდა დავუსვათ შეკითხვა – შეგვიძლია თუ არა გავაგრძელოთ ჩვეული ურთიერთობები? ისევ ვართ პარტნიორები თუ უკვე აღარ ვართ პარტნიორები? ეს საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია – ეს არის ჩვენი პოზიცია,“ – ამბობს პიტერ ფიშერი.
რაც შეეხება სანქციებს, ელჩი პირდაპირი პასუხისგან თავს იკავებს და ამბობს:“ სანქციები ფართო ცნებაა და მოვლენების მიმართ უარყოფით რეაქციას გულისხმობს“.
ვეტოს დაძლევის შემდეგ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ "რუსული კანონის" მიღება საქართველოს ევროკავშირის გზას აშორებს და ის საქართველოს საკითხს ევროპული საბჭოს მომდევნო სხდომის დღის წესრიგში დაამატებს.