მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ამ საკითხში ყველა ჩვენი მეგობარი ქვეყანა იქნება ჩართული“ - კალაძე ბიჭვინთის აგარაკებზე

თბილისის მერი

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის მიერ ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შეთანხმების რატიფიცირებასთან დაკავშირებით საქართველოს ყველა მეგობარი ქვეყანა ჩართული იქნება. ამის შესახებ მან ჟურნალისტების მიერ საკითხთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, ტერიტორიები ჩვენი გონიერებით, განათლებით უნდა დავიბრუნოთ.

„არაერთი განცხადება გავაკეთეთ ამ საკითხთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველა ჩვენი მეგობარი ქვეყანა, საერთაშორისო თანამეგობრობა ჩართული იქნება აღნიშნულ საკითხში. უდიდესი პრობლემაა, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის დიდი ნაწილი ოკუპირებულია. ჩვენთვის, საქართველოს ხელისუფლებისთვის დღეს ყველაზე დიდი გამოწვევა არის ის, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის გარკვეული ნაწილი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. შესაბამისად ჩვენ, ჩვენი პოლიტიკით, უნდა მოვახდინოთ ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერება, განვითარება და გონიერებით, განათლებით დავიბრუნოთ ტერიტორიები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ბიჭვინთის აგარაკები აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ რუსეთს 49 წლის ვადით გადასცა.

მომხდარს ასევე გმობს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო:

"აფხაზეთის რეგიონის ოკუპაციის პირობებში ტერიტორიის გადაცემაზე გაფორმებულ ე.წ. შეთანხმებას ვერ ექნება რაიმე სახის სამართლებრივი შედეგი", - ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემას ეხება. როგორც სამინისტროში აცხადებენ, მსგავსი სახის ე.წ. შეთანხმება იურიდიული ძალის არმქონე და ბათილია.

"აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პარლამენტის მიერ, რუსეთის ფედერაციისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის შესახებ ე.წ. შეთანხმების რატიფიკაცია წარმოადგენს მორიგ უკანონო ქმედებას და რუსეთის მიერ საქართველოს განუყოფელი რეგიონების ოკუპაციის პოლიტიკის გაგრძელებას, რაც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს. საერთაშორისო სამართლებრივი თვალსაზრისით, ნებისმიერი მსგავსი სახის ე.წ. შეთანხმება იურიდიული ძალის არმქონე და ბათილია. შესაბამისად აფხაზეთის რეგიონის ოკუპაციის პირობებში ტერიტორიის გადაცემაზე გაფორმებულ ე.წ. შეთანხმებას ვერ ექნება რაიმე სახის სამართლებრივი შედეგი", - აღნიშნულია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები