ჯანდაცვის სპეციალისტის ქეთი ჩხატარაშვილი განცხადებით, ეკატერინე ტიკარაძის გადადგომა ამ ვითარებაში სწორი არ იყო. ამასთან, დასძენს რომ თუ მართლაც ვერ ცვლიდა სიტუაციას მათ შორის “მწვანე პასპორტთან” დაკავშირებით, მაშინ გადადგომის გარდა, სხვა გზა არ ჰქონდა.
“წასვლის რეალური მიზეზი რომ ვიცოდეთ ცუდი არ იქნებოდა, მაგრამ ახლა ადამიანმა მიიღო გადაწყვეტილება და წავიდა. არც მანამდე იყო ეპიდემიოლოგიური კუთხით ბევრი გადაწყვეტილება მისაღები და სწორი და ეს გადაწყვეტილება მე პირადად სწორად არ მიმაჩნია ამ სიტუაციაში. რაც შეეხება იმას როგორ აისახება ეს ჯანდაცვის სისტემაზე, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ვინ ჩაანაცვლებს მას. ვერ გეტყვით რეალურად წასვლის მიზეზი რა იყო, მაგრამ თუ მართლაც ვერ ცვლი სიტუაციას, ალბათ გაცლას სჯობს”,-აცხადებს ჩხატარაშვილი.
დღეს, 9 დეკემბერს, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ პოსტს ტოვებს. სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გამოსვლისას სამედიცინო სექტორს და თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა და მინისტრობის პერიოდში განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა. მისივე თქმით, ის "ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოში გააგრძელებს მუშაობას.




























