მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„ამ სიტუაციაში ეკონომიკური სტაგნაცია გარდაუვალია“ - კახა ოქრიაშვილი

psp

"PSP ჯგუფის" დამფუძნებელი და ბიზნესმენი კახა ოქრიაშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში დღეს შექმნილ სიტუაციაში ეკონომიკური სტაგნაცია გარდაუვალია. ამის შესახებ ის განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ ამით ის ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას პასუხობს.

ბიზნესმენი ამბობს, რომ "ქართული ოცნება" თავად ანგრევს იმას, რაც 2012 წლიდან ხელისუფლების სწორი ეკონომიკური პოლიტიკით შეიქმნა. ის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეკონომიკას ბიზნესი ქმნის, ხელისუფლებამ კი კერძო სექტორს ამაში ხელი უნდა შეუწყოს.

"მსურს, გამოვეხმაურო ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას, რომ თურმე, ბოლო 4 წელიწადში ქვეყნის ეკონომიკა 40 მილიარდი ლარით გაზარდეს. მარტივად რომ ავხსნათ, რა არის ეკონომიკა? ეს არის ყველა ბიზნესის ჯამი, ანუ საქართველოს ეკონომიკა წარმოადგენს საქართველოში არსებული ყველა ბიზნესის ჯამს. ეკონომიკას ხელისუფლება კი არ ზრდის, არამედ ბიზნესი და ბიზნესმენები ზრდიან და აშენებენ. ხელისუფლებას კი შეუძლია ხელი შეუწყოს ბიზნესს, რომ გაიზარდოს ეკონომიკა, ან პირიქით, გაატაროს ისეთი პოლიტიკა, რომელიც გამოიწვევს ბიზნესის, ანუ ეკონომიკის შემცირებას, რაც ხდება ახლა.

თუკი 2012 წლიდან ხელისუფლებას ჰქონდა სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, რაშიც იგულისხმება არამარტო დაბალი გადასახადები და მარტივი სახელმწიფო ბიუროკრატია, არამედ ქვეყნის საგარეო კურსი, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება, რამაც ბიზნესს ნდობა გაუჩინა საქართველოს, როგორც ქვეყნის მიმართ, დღეს ამ ყველაფერს ხელისუფლება თვითონვე ანგრევს, როგორც საგარეო მიმართულების ცვლილებით, ისე განსხვავებული აზრის მქონე ბიზნესმენების დევნით - იქნება ეს საინფორმაციო დარტყმები, თუ ბიზნესის შემზღუდავი და მარწუხებში მომქცევი კანონების მიღება. ამაშივე შედის სასამართლო სისტემის გაუმართაობა, ანდა სასამართლოს გარეშე ბიზნესის დასჯის მექანიზმები და ა.შ.

ამ სიტუაციაში გარდაუვალია ეკონომიკური სტაგნაცია. გამოსავალია ახალი არჩევნები და ჭეშმარიტად დემოკრატიული მიდგომების დანერგვა საზოგადოებაში, მათ შორის ბიზნესში, ე.ი. ეკონომიკაში. მე მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მჯერა, რომ მოხდება ჩვენი ქვეყნის პოლიტიკის შემოტრიალება!", - აცხადებს კახა ოქრიაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები