მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„ამ თვეში 30-ზე მეტი ოჯახი ელოდა ჩვენგან ჩარიცხვას... ადგნენ და გაგვაუქმეს“ - დაყადაღებული ფონდი „ერთმანეთისთვის“

ერთმანეთისთვის

დაყადაღებული ფონდის "ერთმანეთისთვის" დამფუძნებელი გუგა ხელაია აცხადებს, რომ პროკურატურის განცხადება ცილისწამებაა და მათ მიერ წარმოდგენილი დანიშნულებით არც ერთი ტრანზაქცია არ აქვთ განხორციელებული.

მისი ინფორმაციით, ამ თვეში მათგან დახმარებას 30-ზე მეტი ოჯახი ელოდა, ხელისუფლებამ კი ისინი დააყადაღა და გააუქმა. ამის შესახებ ის Facebook-ის პირად გვერდზე წერს.

5 ფონდი, რომელთა ანგარიშებიც პროკურატურამ "კანონსაწინააღმდეგო აქტივობების" დაფინანსებისთვის დააყადაღა

"პროკურატურის განცხადება არის ჩვეულებრივი ცილისწამება! ჩვენს ფონდს ერთი ტრანზაქციაც კი არ აქვს შესრულებული იმ დანიშნულებით, რაც მაგალითებად მოიყვანეს.

"ერთმანეთისთვის" მაგიტომ დაერქვა, რომ ყველაზე რთულ მდგომარეობაში მყოფ ინდივიდებსა და ოჯახებს დავდგომოდით გვერდით. აბსოლუტურად ყველა ტრანზაქციაზე იმავე წამს გვაქვს გადახდილი ყველა სახელმწიფო გადასახადი. პლუს დეკლარაცია შევსებული მაქსიმალური სიზუსტით და ყველაფერთან ერთად, არც ერთ ჩვენს თანამშრომელს, ჩემი ჩათვლით, ერთი თეთრიც კი არ მიუღია 3 თვის განმავლობაში, არც ხელფასის, არც ბონუსის და არც რაიმე ადმინისტრაციული ვალდებულების გასასტუმრებლად. ეგ კი არა მეილების თანხასაც ჩემი პირადი ანგარიშიდან ვრიცხავ ფონდზე, რომ ეგეც კი ჩემი პასუხისმგებლობა იყოს და არა შემომწირველის.

ძალიან ბევრ ადამიანს დავეხმარეთ, საბანკო ვალდებულების, ქირის, საკვების, მედიკამენტების, ექიმის მომსახურების და ელემენტარული თვითგადარჩენისთვის საჭირო რეალობის მისაღწევად.

ამ თვეში 30-ზე მეტი ოჯახი ელოდებოდა ჩვენგან ჩარიცხვას, რომ ყოველთვიური ხარჯები ოდნავ მაინც დაგვებალანსებინა... ხოდა აი, ამის პასუხად ასე პირდაპირ ადგნენ, გაგვაუქმეს და სისხლის სამართალიო და 7-დან 12 წლამდეო, თქვენ ბიჭო რამდენის უფლებას აძლევთ თქვენს თავს??? მთელი ცხოვრება სიმართლით მივლია და ვინმეს ჰგონია, რომ რამე დასაკარგი მაქვს, ან რამის მეშინია???

ორ სამსახურში ვმუშაობ და ღამის 11-ზე ადრე არ გამოვსულვარ ოფისიდან, რომ ფონდის საქმეებიც და ყველა ადამიანი, თუ ოჯახი, ვისაც გვერდში დგომა ესაჭიროება უყურადღებოდ არ დამრჩეს და კიდევ აქეთ ვიგრძნო თავი ცუდად - სიკეთის კეთების გამო?! ვეეეეეეერ!!!

P.S. ჯურნალისტებთან და პროდიუსერებთან დიდი ბოდიშის მოხდით, მაგრამ რასაც ოდნავაც კი ვერ აღვიქვამ სერიოზულად და ლეგიტიმაცია ნული აქვს ჩემს თვალში, იმ საკითხზე ვერ დავიწყებ სერიოზული სახით საუბარს... დანარჩენს დრო გვიჩვენებს", - წერს გუგა ხელაია.

ცნობისთვის, “ერთმანეთისთვის” არის მეგობრების მიერ შექმნილი ფონდი, რომელიც პირველ რიგში სინდისის პატიმრების ოჯახების მხარდაჭერას ემსახურება, ხოლო რიგ შემთხვევებში ეხმარება იმ ინდივიდებსა და კომპანიებს, რომლებიც ქვეყანაში არსებული ვითარების შედეგად დაზარალდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები