მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ამ თვეში საწვავი შეიძლება კიდევ 40 თეთრით გაიაფდეს“- იობაშვილი

6405a64dc35d9
თათია ჩაფიჩაძე
06.03.23 13:51
4560
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის ვახტანგ იობაშვილის განცხადებით, მიმდინარე თვეში საწვავზე ფასი დამატებით 30-40 თეთრით კიდევ შემცირდება. ამის მიზეზად „საქმიანი დილის“ ეთერში იობაშვილმა, ერთი მხრივ, პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები, მეორე მხრივ კი რუსეთიდან გაზრდილი საწვავის იმპორტი დაასახელა, რომლის ფასი ევროპულ ანალოგს მნიშვნელოვნად ჩამორჩება.

„რა იწვევს ფასის კლებას? - ჩვენ დიდი ხანია დავაანონსეთ ფასთა კლების ტენდენცია, მხედველობაში მაქვს მთლიანად ნავთობპროდუქტების სექტორი და ასევე პრემიერის განკარგულება აუცილებლად მოქმედებს.

დიზელზე  ფასის სერიოზულად კლების მოლოდინია, გაიაფდება აუცილებლად, რაც შეეხება ბენზინს - ყველაზე მოხმარებად რეგულარს, რომლის ლომის წილიც რუსეთიდან შემოდის, ამაზე გვაქვს ცალსახა პასუხი რომ შემოდის ძალიან შესამჩნევი ფასთა კლებით ევროპასთან შედარებით. შარშან ივლისის თვიდან 1.30-1.35 ლარია მოკლებული რეგულარის ბენზინზე. დღეს ჩვენ გვაქვს დიდ ბრენდებზე 2.30-2.35-2.29 ლარიც კი, მაგრამ არაბრენდირებულზე 2.20-2.15 ლარი, ფასის კლება აქ გამოწვეულია ნაკლები ხარჯით. ფასთა მიღება ხდება ხარჯის გათვალისწინებით.

რაც შეეხება დიზელს, მალე დავიწყებთ უფრო იაფად იმპორტირებული დიზელის შემოტანას, მხედველობაში მაქვს ისევ რუსეთიდან შემოტანას, რატომ? იმიტომ რომ საერთაშორისო ბაზრებზე პლატცის ღირებულება არ შეცვლილა თვეზე მეტია, აქედან გამომდინარე, როდესაც ვიღებთ რუსეთიდან, ვიღებთ მისაღებ ფასებში. ამის გათვალისწინებით ვარაუდობთ, რომ ფასი კლებას დაიწყებს.

საწვავის ერთბაშად გაიაფება კარგს არ მოიტანს არც კომპანიებისთვის და არც ბიუჯეტისთვის, ამიტომ ჩვენ ნელ-ნელა პატარ-პატარა ბიჯებით დავიწყებთ და გაგრძელდება ეს ტენდენცია, მაგრამ არ იქნება იმაზე ნაკლები, რაც იყო თებერვალში. 30-35 თეთრის ფარგლებში, შეიძლება 40 თეთრითაც გაიაფდეს, წინ და წინ მოვლენებს ნუ გავასწრებთ", - განაცხადა იობაშვილმა.

კითხვაზე რას ცვლის ახალი მოთამაშეების გამოჩენა საწვავის ბაზარზე, იობაშვილი პასუხობს, რომ კონკურენცია იზრდება, თუმცა მთავარი საკითხი აქ კონტროლის გაძლიერებას უკავშირდება.

„არიან პატარა-პატარა კომპანიები, რომელსაც ჩვენ ვეძახით არაბრენდირებულს, რომელსაც შედარებით აქვთ დაბალი ფასი, დიახ „ქონექტი,“ „ფორმულა,“ იმდენად ვრცელია ეს სია, რომ მე არ დავასახელე არცერთი, ყველა ესენი დგანან კარგ სიტუაციაში. მათი გამოჩენით კონკურენცია იზრდება, ვიღაცას ეს ფასი არ მოსწონს, არის იაფიანი ფასები. შემიძლია დაბეჯითებით გითხრათ, რომ ხარისხი მთელ საქართველოში ერთი და იგივეა თუ შემდგომ ავტოგასამართ სადგურებში არ იქნება რაიმე ღონისძიება ჩატარებული. ყველა ავტოგასამართ სადგურზე უნდა ხდებოდეს რეზერვუარების გაწმენდა, გარეცხვა, კონტროლი, ეს იქნება ზომა-წონის თუ ხარისხის მხრივ, ეს უნდა ხდებოდეს ყველგან. მე ვიტყოდი, რომ დღეისათვის რაც არის საკმარისი, საჭიროა უფრო მეტი ყურადღება და კონტროლის გახშირება. სტანდარტი გვაქვს და უნდა ვაკონტროლოთ ეს სტანდარტი", - ამბობს იობაშვილი.

გასულ უქმეებზე გამართული ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე ბენზინის ფასი ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ეკონომიკური საბჭოს წევრებმა კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელისგან ირაკლი ლექვინაძისგან საწვავის ფასების შემცირების მიმართულებით არსებული ვითარება და კონკრეტული ნაბიჯები მიმოიხილეს. ადმინისტრაცია გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნავს, რომ თებერვალში საწვავზე 30-40 თეთრიანი კლება დაფიქსირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები