მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

OPEC ნავთობის მოპოვებას 1 მლნ ბარელით ამცირებს - გაიზრდება თუ არა ფასი საწვავზე საქართველოში?

ნავთობი

OPEC-ის გადაწყვეტილებით, მომავალი წლიდან ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნები ნავთობის ყოველდღიურ წარმოებას დამატებით 1 მილიონი ბარელით შეამცირებენ. ამასთან საუდის არაბეთი, რომელიც ნედლი ნავთობის უმსხვილესი ექსპორტიორია, მომავალი წლის პირველ სამ თვეშიც გააგრძელებს დღეში 1 მილიონი ბარელით ნაკლები ნავთობის მოპოვებას, შესაბამისად ჯგუფი 2024 წლის პირველ კვარტალში წარმოებას ნებაყოფლობით სულ 2.2 მილიონი ბარელით შეამცირებს.

საერთაშორისო ბაზრისთვის ნავთობის მიწოდების შემცირება ბირჟაზე ენერგორესურსების გაძვირებას იწვევს. ენერგორესურსების გაძვირებით კი ყველაზე დიდ სარგებელს თავად OPEC-ის წევრი სახელმწიფოები იღებენ, მათ შორის რუსეთის ფედერაცია, რომელიც ენერგორესურსების ერთ-ერთი მსხვილი ექსპორტიორია. OPEC-ის გადაწყვეტილება საყურადღებო განაცხადია, განსაკუთრებით საქართველოს მსგავსი ქვეყნებისთვის, რომელიც იმპორტზეა დამოკიდებული.

„ეს ის მესიჯია, რომელიც ჩვენ რამდენჯერმე გავიარეთ როგორც მომხმარებელმა ქვეყანამ. როდესაც ხელოვნურად იქმნება მსოფლიო სანავთობე ბაზარზე დეფიციტი, ბუნებრივია იწევს ფასი. ამ განცხადებას ბევრი სანავთობე ქვეყანა შეუერთდება. პირველ რიგში რუსეთი. მოვლენებს რუსეთთან ურთიერთობაში ნამდვილად წინ არ უნდა გავუსწროთ. რას მოიმოქმედებენ, რას შემოგვთავაზებენ არავინ ვიცით. მყარი, სტაბილური ბაზარი სამწუხაროდ არ არის იაფი, მაგრამ ვჯერდებით იმას, რაც გვაქვს“,- აცხადებს ნავთობიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ვახტანგ იობაშვილი.

აღსანიშნავია, რომ რუსეთი საქართველოსთვის დიზელის და რეგულარის საწვავის #1 იმპორტიორია. ნავთობიმპორტიოთა ასოციაციის სტატისტიკით, მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბრის მონაცემებით, მასზე მთლიანი იმპორტის 63,3% მოდის.

ასოციაცია განმარტავს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში რუსეთიდან ნავთობპროდუქტების რეგულარული იმპორტი ფაქტობრივად აღარ ხორციელდება. მიზეზი საწვავზე არსებული მაღალი ფასი და შეცვლილი თანამშრომლობის პირობებია, რა დროსაც რუსული კომპანიები ქართველ ნავთობიმპორტიორებს საწვავს ფასდაკლებით აღარ აწოდებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები