მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიზელის ფასი შემცირდა - ნავთობიმპორტიორთა კავშირი მიზეზებსა და მოლოდინებზე

647d917acb1c2
ვიქტორია მღებრიშვილი
05.06.23 11:55
979
მაისის შუა რიცხვებიდან ქვეყანაში დიზელის საწვავის გაიაფება დაიწყო. ფასების კლება შეინიშნება როგორც ე.წ. ბრენდირებული, ასევე არაბრენდირებული გასამართი სადგურების ქსელში.

მაგალითისთვის Wissol-ის ქსელში დიზელის ფასის კორექტირება 16 მაისიდან იწყება და დღეისთვის ეკო დიზელის ღირებულება 3.22 ლარი, ევრო დიზელი - 3.12 ლარი, დიზელ ენერჯი კი 3.07 ლარი ღირს. ქსელში 15 მაისისთვის დიზელის საწვავი სახეობების მიხედვით 3.19 ლარიდან 3.34 ლარი ღირდა.

"სოკარის" ქსელში ნანო დიზელის საწვავი 16 მაისს 3.22 ლარი ღირდა, ნანო ევრო დიზელი კი 3.34 ლარი, 17 მაისიდან კი ამ ტიპის საწვავის ფასი ქსელში 3.14 ლარი და 3.26 ლარია.

პორტალის სადგურებზე ევრო დიზელის შეძენა 2.99 ლარად, ეფექტ დიზელის 2.89 ლარად, დიზელის კი 2.69 ლარადაა შესაძლებელი.

დიზელის ფასების ცვლილების მიზეზებზე BM.GE-სთან საუბრისას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა ვახტანგ იობაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, მთავარი ფაქტორი, რამაც ადგილობრივ ბაზარზე დიზელი გააიაფა, მაისიდან ამ ტიპის საწვავის რუსეთიდან იმპორტის დაწყება იყო. ბიზნესგაერთიანების ხელმძღვანელი ამბობს, რომ აქამდე დიზელის შემოტანა რუსეთის ნავთობკომპანიებისთვის დაწესებული სანქციების გამო ვერ ხერხდებოდა და როგორც კი ეს საკითხები გადაიჭრა, საქართველოში რუსული დიზელის შემოტანა დაიწყო.

„დღეისთვის დიზელი ბრენდირებულ სადგურებზეც კი 2.65 ლარი ღირს, მაშინ როდესაც 1 ლიტრი ამ ტიპის საწვავის ღირებულება 4 ლარამდე იყო. ფასები შემცირებისკენ წამოვიდა. ეს განპირობებულია მაისის თვიდან დიზელის ტიპის საწვავის რუსეთის ბაზრიდან შემოტანის დაწყებით, რამეთუ მანამდე იმპორტი მხოლოდ აზერბაიჯანიდან ხდებოდა, ბოლო პერიოდის განმავლობაში კი აზერბაიჯანში ნავთობის გადამმუშავებელი ქარხნების გადაიარაღების გამო, ქვეყანაში მცირე მოცულობის დიზელი შემოდიოდა, რაც დეფიციტს და საწვავზე მაღალ ფასს იწვევდა. ფასების კლების ტენდენცია გაგრძელდება, რადგან აზერბაიჯანში სრულდება გადაიარაღება და ევრო5-ის სტანდარტის დიზელს უკვე უშვებს და როგორც კი აზერბაიჯანიდან დიზელის იმპორტი კიდევ უფრო გააქტიურდება, დიზელის შემოტანის მხრივ მით უფრო დაცული ვიქნებით“, - განმარტავს იობაშვილი.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში 347,2 ათასი ტონა ბენზინისა და დიზელის საწვავი შემოვიდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (333,7 ათასი ტონა) შედარებით 13.5 ათასი ტონით, ანუ 4%-ით მეტია.

მათ შორის, 2023 წლის პირველი 4 თვის განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა 169,6 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 177,6 ათასი ტონა შეადგინა.

კატეგორიების მიხედვით, 2023 წლის იანვარ-აპრილის თვეებში განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა შემდეგი: A-91 რეგულარის ტიპის ბენზინი - 106,4 ათასი ტონა (62,7%); A-95 პრემიუმი ტიპის ბენზინი - 59,1 ათასი ტონა (34,8%); A-98 სუპერი ტიპის ბენზინი - 4 ათასი ტონა (2,4%);

მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში ბენზინისა და დიზელის საწვავი ყველაზე დიდი მოცულობა - 296,5 ათასი ტონა რუსეთიდან შევიძინეთ, რაც მთელი იმპორტის 85,4%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუმინეთი - 48,7 ათასი ტონა - 14%; თურქმენეთი - 1,2 ათასი ტონა - 0,3%; ბელარუსი - 0,7 ათასი ტონა - 0,2%; უკრაინა - 0,1 ათასი ტონა - 0,03%; ბულგარეთი - 0,1 ათასი ტონა - 0,03%;

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ ნავთობიმპორტიორი კომპანიების დიდ ნაწილს რუსეთიდან არამხოლოდ ბენზინი, არამედ დიზელიც შემოაქვთ, რაც ევროპის ქვეყნებიდან შემოტანილ დიზელთან შედარებით გაცილებით იაფია. ვახტანგ იობაშვილი განმარტავს, რომ გაზაფხულ-ზაფხულში სოფლის მეურნეობის სამუშაოების აქტივობის გამო ქვეყანაში დიზელზე მოთხოვნა მზარდია, ამიტომ რუსული დიზელის იმპორტი კიდევ უფრო გაიზრდება.

ბიზნესგაერთიანების ხელმძღვანელი იმასაც აღნიშნავს, რომ დიზელის ფასის შემცირების პირობებში, მისი მოხმარება ტრანზიტული ტრანსპორტის მხრიდანაც გაიზრდება, რადგან მაგალითისთვის თურქეთიდან მომავალი ტრაილერები საქართველოს გავლით რუსეთში გადასვლისას საქართველოში დიზელს არ ისხამდნენ. გაიაფებული დიზელის პირობებში კი მოთხოვნა ამ სეგმენტიდანაც გაჩნდება, რაც ნავთობიმპორტიორი და რეალიზატორი კომპანიებისთვის, შესაბამისად ქვეყნისთვის დამატებითი შემოსავლის მომტანი იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები