უკვე რამდენიმე კვირაა ქვეყანაში საწვავი ძვირდება. სექტემბრის დასაწყისში ბრენდირებული ავტოგასამართი სადგურების ქსელებში ყველა მოთხოვნადი ტიპის საწვავზე ფასები გაიზარდა.
ევრო რეგულარის ფასი 2 ლარი და 69 თეთრიდან 2 ლარსა და 82 თეთრის დიაპაზონშია. ბოლო დღეებში ფასები 4-4 თეთრით დაკორექტირდა “სოკარისა” და “ვისოლის” ქსელებში, 10 თეთრით გაზარდა ფასი “გალფმა”.
ნავთობიმპორტიორები საწვავის გაძვირების მიზეზად რამდენიმე ფაქტორს ასახელებენ, ერთ-ერთი რუსეთში არსებული ვითარებაა. კერძოდ, ოკუპანტმა ქვეყანამ ნავთობის მოპოვება შეამცირა, რამაც ქვეყანაში დეფიციტი შექმნა. როგორც ირკვევა, უკვე ორი თვეა რუსეთიდან საქართველოში პრემიუმის ტიპის საწვავი არ შემოსულა. ამასთან, რუსულ კომპანიებს ექსპორტის გადასახადი გაუზარდეს, თითქმის 17 დოლარამდე, რამაც საწვავის ღირებულება გაზარდა. სწორედ, ამიტომ, ქართველი იმპორტიორებისთვის რუსული ბაზარი ნაკლებად საინტერესო ხდება. ბიზნესის ნაწილმა ევროპულ ბაზარზე დაბრუნება დაიწყო.
“დღევანდელი ფასების მატება ევროპისკენ გადართვის შედეგია. ნელ-ნელა, მცირე რაოდენობით დავიწყეთ ევროპიდან შემოტანა. ყველამ დაიწყო გადაწყობა. რუსეთი საიმედო პარტნიორი არასდროს ყოფილა, ეს ახლაც გამოჩნდა. გადაწყობის ერთ-ერთი სულის ჩამდგმელი "რომპეტროლი" იქნება, რადგან რუმინეთში არსებული ქარხნები "რომპეტროლის" საკუთრებაა. “გალფს” პრობლემა ჯერ არ შეჰქმნია, რადგან მას მძლავრი პარტნიორები ჰყავს. რაც შეეხება “ლუკოილს”, მისი ქარხნები ბულგარეთშია და ის მანამდეც არ იკლავდა თავს რუსულ საწვავზე”,- განაცხადა ვახტანგ იობაშვილმა BMG-სთან.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის თქმით, წინა წელთან შედარებით, რუსული და ევროპული საწვავის ფასებს შორის უკვე დიდი განსხვავება აღარ არის, თუმცა ევროპული ნავთობპროდუქტები მაინც რუსულზე ძვირია. სწორედ, ამიტომ, ვახტანგ იობაშვილი საწვავის კიდევ უფრო გაძვირებას ელის.
“ჩემი ვარაუდით, მცირედ გაძვირებას უნდა ველოდოთ, რადგან დიდი რაოდენობით წამოვა ევროპიდან საწვავი. არავინ ვიცით იქ როგორი სიტუაცია იქნება, დამოკიდებულია საერთაშორისო ბირჟაზე არსებულ ფასებზე. რთულია პროგნოზირება”, - აღნიშნა ვახტანგ იობაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა 2022 წლის ზაფხულში ბიზნესს მოუწოდა, იაფი საწვავი შემოეტანა. კერძო სექტორმა გასული წლის სექტემბრიდან რუსული საწვავის იმპორტი დაიწყო, რამაც ქვეყანაში საწვავი გააიაფა. 2022 წლის 12 თვის განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 651,3 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 56,6%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუმინეთი - 240,3 ათასი ტონა - 20,9%; ბულგარეთი - 109,3 ათასი ტონა - 9,5%; თურქმენეთი - 75,2 ათასი ტონა - 6,5%; აზერბაიჯანი - 55,3 ათასი ტონა - 4,8%; თურქეთი - 7,6 ათასი ტონა - 0,7%, საბერძნეთი - 4,8 ათასი ტონა - 0,4%, ყაზახეთი - 2,0 ათასი ტონა - 0,1%, ბელარუსი - 1,0 ათასი ტონა - 0,1% და სხვა. 2023 წლის იანვრიდან ივნისამდე პერიოდში კი საავტომობილო საწვავის ყველაზე მნიშვნელოვანი მოცულობა კვლავ რუსეთიდან (81.1%) იქნა მიწოდებული.