მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„რუსეთი საწვავს ფასდაკლებით აღარ გვაძლევს“ - ნავთობიმპორტიორთა კავშირი

რუსული ურალსი

რუსეთი საქართველოსთვის დიზელის და რეგულარის საწვავის #1 იმპორტიორია. ნავთობიმპორტიორთა ასოციაციის სტატისტიკით, მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბრის მონაცემებით, ამ ბაზარზე მთლიანი იმპორტის 63,3% მოდის.

საქართველოს ნავთობიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელის განმარტებით, ბოლო 2 თვის განმავლობაში რუსეთიდან საწვავის რეგულარული იმპორტი ფაქტობრივად აღარ განხორციელებულა. მიზეზი რუსეთის მხრიდან საწვავზე დაწესებული მაღალი ფასია. როგორც ვახტანგ იობაშვილი ამბობს, რუსეთი ქართველ ნავთობიმპორტიორებს საწვავს ფასდაკლებით აღარ აძლევს.

„ბოლო 1-2 თვის განმავლობაში არანაირი პროგრესი რუსულ ბაზართან არ გვაქვს. არანაირი რეგულარული შემოტანა რუსეთიდან არ ხდება. საქმე ისაა, რომ ქართული კომპანიები უცდიან, რომ ხელსაყრელი ფასები შემოგვთავაზონ. ის პირობები შემოგვთავაზონ რა პირობებსაც მიგვაჩვიეს თავიდან.

თუ რუსეთი არ მომცემს საწვავს იმაზე იაფად, ვიდრე შემომაქვს ევროპიდან, მაშინ არ ავიღებ. არავის დაუჯეროთ, რუსეთიდან არანაირი დიდი მოძრაობა ნავთობპროდუქტებზე არ არის. არც ზღვიდან და არც რკინიგზიდან. ჩვენ ვართ მოლოდინში. იქნება ახალი წინადადებები? იქნება იმაზე მისაღები, რაც მაქვს ევროპიდან? არა?“ მაშინ არ მინდა!. ზოგჯერ უფრო იაფია ევროპული დღეისთვის“, - აცხადებს ვახტანგ იობაშვილი.

მისი განმარტებით, სტატისტიკაში რუსეთის წილის ზრდა გასულ თვეებში რუსეთიდან მისაღებ ფასად იმპორტმა განაპირობა. იობაშვილის თქმით, აღნიშნულ პერიოდში რუსეთი ქართველ ნავთობიმპორტიორებს საწვავს ტონაზე 200 დოლარით ფასდაკლებულ ფასად აწვდიდა. შეღავათის გარეშე კი ქართულ კომპანიებს რუსეთიდან იმპორტის განხორციელება აღარ უღირთ.

„სანამ ემბარგოს დაადებდა, რუსეთმა მანამდე გაზარდა გადაზიდვის ფასი, დაადო ფასი ექსპორტს ანუ რუსეთიდან გამოტანილი პროდუქტი იბეგრება. ერთობლიობაში ეს აძვირებს პროდუქტის ღირებულებას. ამას დაემატა ის, რომ ფასდაკლებას არ გვაძლევს, რაც აქამდე იყო დიდი, სერიოზული. ბოლო პერიოდში 150-200 დოლარი იყო ტონაზე ფასდაკლება“, - აცხადებს იობაშვილი.

2023 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა 1092,5 ათასი ტონა შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (1056,1 ათასი ტონა) შედარებით 36,4 ათასი ტონით ანუ 3,4%-ით მეტია. ამ პერიოდის განმავლობაში საწვავის მთავარი საიმპორტო ქვეყანა რუსეთია.

მთავარი საიმპორტო ქვეყნების რეიტიგი კი ასეთია: რუსეთი - 691,7 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 63,3%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუმინეთი - 162 ათასი ტონა - 14,8%; ბულგარეთი - 82,1 ათასი ტონა - 7,5%; აზერბაიჯანი - 69,4 ათასი ტონა - 6,4%; ბელარუსი - 25 ათასი ტონა - 2,3%; თურქმენეთი - 24 ათასი ტონა - 2,2%; საბერძნეთი - 20,6 ათასი ტონა - 1,9%; თურქეთი - 12 ათასი ტონა - 1,1%; არაბთა გაერთიანებული საამიროები – 2,2 ათასი ტონა - 0,2%; ვირჯინიის კ-ბი - 2,2 ათასი ტონა - 0,2%; უკრაინა - 1,3 ათასი ტონა - 0,1%; ჰონკონგი - 0,1 ათასი ტონა - 0,01%;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები