გლობალურ სანავთობო ბაზრებზე ფასების ზრდის ფონზე საქართველოში საწვავი მკვეთრად გაძვირდა. ზოგიერთ ბრენდირებული ბენზინგასამართი სადგურების ტაბლოებზე რეგულარის ფასი უკვე გასცდა 4 ლარიან ნიშნულს. ისტორიულ მაქსიმუმზეა დიზელის ღირებულებაც.
საწვავის ფასების მკვეთრი ზრდის ფონზე აშშ-მ და ევროპის სახელმწიფოებმა საწვავის საგადასახადო ტვირთის შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღეს. ანალოგიური ზომების მიღებისკენ მოუწოდებს კერძო სექტორი საქართველოს მთავრობასაც.
განიხილავს თუ არა მთავრობა საწვავზე აქციზის განაკვეთის შემცირებას როგორც დროებით ზომას, ამაზე განმარტებების გაკეთება პარლამენტში დღეს ფინანსთა მინისტრის მოადგილეს მოუწია. გიორგი კაკაურიძე ამტკიცებს, რომ აქციზის თუნდაც განახევრება რეალურ შედეგს ვერ მოგვცემს და ამბობს, რომ მსგავსი ზომების მიღებას მთავრობა ამ ეტაპზე არ განიხილავს.
იგივე აზრზეა ნავთობიმპორტიორთა კავშირიც. ბიზნესგაერთიანების ხელმძღვანელს ეჭვი ეპარება, რომ არამდგრადი გლობალური ბაზრებიდან გამომდინარე საწვავზე აქციზის დროებით შემცირებამ შედეგი მოიტანოს.
„თუ ეს რამე საშველს არ მოგვცემს, მაშინ რა აზრი აქვს იმის გაკეთებას, ხომ? ყველაფერი უნდა იყოს გათვლილი. გერმანიამ დროებით გააჩერა აქციზი და რა მიიღო საბაზრო ღირებულება ?! რა ღირს გერმანიაში საწვავი, რამე შეღავათი მიიღო მან?! არა. იმიტომ, რომ იმდენად ცვალებადია მსოფლიოში ფასები და არამდგრადია გლობალური ბაზრები, არავინ არ არის იმის "სუვერენი", რომ ეს დიდხანს გასტანს. ჩვენ მიბმული ვართ მსოფლიო გლობალურ სანავთობო ბაზრებზე. რაც იქნება იქ, აქედან ვერ განვსაზღვრავთ ამას. ამიტომ, მე მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგად გავთვალოთ, არ დავაზარალოთ ბიუჯეტი და არ დავაზარალოთ ქვეყანა”,-აცხადებს ვახტანგ იობაშვილი.
ნავთობიმპორტიორები აქციზის სახით ტონა ბენზინზე 500 ლარს, დიზელის შემთხვევაში კი 400 ლარს იხდიან, რაც ლიტრ საწვავს 50 თეთრით აძვირებს.
























