საქართველოში საწვავი გაძვირებას განაგრძობს. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო ნავთობპროდუქტების იმპორტზე 100%-ით დამოკიდებული ქვეყანაა, ფასები პირდაპირ მიყვება საერთაშორისო ინდიკატორს — „პლაცს“. "ვისოლის" გემერალური დირექტორის განცხადებით, ბოლო თვე-ნახევრის განმავლობაში ბენზინის „პლაცი“ დაახლოებით 25%-ით, 250 დოლარით გაიზარდა და ტონაზე $1250-ს მიაღწია, რაც მიმდინარე წლის რეკორდული მაჩვენებელია. ვასილ ხორავას თქმით, მხოლოდ ეს ფაქტორი ლიტრზე თვითღირებულების 40-50 თეთრით გაძვირებას იწვევს.
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეგიონული ფაქტორი, რაც საწვავის ფასებზე წნეხს ქმნის, შუა აზიის ქვეყნების ქცევაა. როგორც ხორავამ "საქმის კურსთან" ინტერვიუში განაცხადა, მას შემდეგ, რაც რუსეთმა ამ ქვეყნებს ნავთობპროდუქტების მიწოდება შეუმცირა, მათ შესყიდვები აღმოსავლეთ ევროპის (რუმინეთი, საბერძნეთი, ბულგარეთი) ქარხნებიდან დაიწყეს. სწორედ ამ ბაზრებიდან მარაგდება საქართველოც. გაზრდილმა კონკურენციამ კი იმავე რესურსზე ფასების დამატებითი ზრდა გამოიწვია.
"ვისოლის" გენერალური დირექტორის შეფასებით, მოთხოვნა აღმოსავლეთ ევროპის ქარხნებში იმდენად მაღალია, რომ ისინი პროდუქციას უკვე „აუქციონის“ პრინციპით ყიდიან. ქარხნები საწვავს არა მხოლოდ „პლაცის“ ნიშნულით, არამედ მასზე ზემოთ დაწესებული დამატებითი პრემიუმებით ყიდიან, რათა არსებული დეფიციტური რესურსი დააბალანსონ. მისი თქმით, ასეთი მაღალი მოთხოვნა რეგიონში ბოლო ათეული წლების განმავლობაში არ დაფიქსირებულა.
“თუ ბოლო პერიოდში ბენზინზე და დიზელზე ფასის დაახლოებით 20-25%-იანი ზრდა გვქონდა, ბოლო თვე-ნახევრის განმავლობაში გაიზარდა ის პრემიუმები და ლოგისტიკური ხარჯებიც, რომელიც დაკავშირებულია პროდუქტის შეძენასთან. ნავთობგადამმუშავებელი ქარხნები დღეს პროდუქტებს ყიდიან, შეიძლება ითქვას, უკვე აუქციონით, იმის გათვალისწინებით, რომ მოთხოვნა დღეს აღმოსავლეთ ევროპის ნავთობგადამმუშავებელ ქარხნებში იმაზე მეტია, ვიდრე არსებობდა ბოლო რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში. ეს განაპირობებს მათ ქცევას, რომ ფასები გაზარდონ. ჩვენს რეგიონში თუ მთავარი იყო „პლაცი“, დღეს შეიძლება ითქვას, ახალი ტენდენციაა, როდესაც ქარხანა თვითონვე ზრდის თავის პროდუქტზე „პლაცზე“ ზემოთ თავის ნიშნულებს, იმიტომ რომ გარკვეულწილად ბაზარზე მიიღოს მეტი შემოსავალი და დააბალანსოს ის მოთხოვნა, რომელიც დღეს ამ რეგიონში არსებობს კონკრეტული მოცემულობიდან გამომდინარე.
ბოლო თვე-ნახევრის განმავლობაში ბენზინის „პლაცი“ ფაქტობრივად გაზრდილი არის დაახლოებით 250 დოლარით. ეს არის თითქმის 25%-იანი ზრდა, რომელიც ციფრებში გამოხატული, ეს არის ლიტრზე დაახლოებით 40-50 თეთრამდე ზრდა.
ეს ნიშნული, რა თქმა უნდა, ერთ დღეში არ მომხდარა. ამის პროცესი დაწყებულია უკვე აგვისტოს თვიდან. ეტაპობრივად რამდენიმეჯერ მოხდა ბაზარზე ფასების კორექტირება და ეს ტენდენცია, სამწუხაროდ, გაგრძელდება. ვინაიდან დღესდღეობით არსებული დაფიქსირებული ფასები, თუნდაც სექტემბრის ახალ-ახალი ნიშნულები, ყველა არის ფაქტობრივად იმაზე მეტი, ვიდრე ეს იყო ივლისის ან აგვისტოს საშუალო შეწონილი ფასი.
სამწუხაროდ, გარდაუვალია როგორც დიზელზე, ასევე ბენზინზე ფასების ზრდა. აქამდე თუ ფასი ძირითადად იზრდებოდა დიზელის პროდუქტზე, დღესდღეობით ბენზინის ნიშნული თითქმის უკვე 1250 დოლარამდეა ასული და ეს არის ფაქტობრივად ამ წლის რეკორდულად მაღალი ნიშნული. ანუ, თუ ჩვენ წლის დასაწყისში, მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, ძირითად აქცენტირებას დიზელის პროდუქტზე ვაკეთებდით და იქ მოხდა მხოლოდ და მხოლოდ უმნიშვნელოვანესი ზრდა, დღესდღეობით მივიღეთ სურათი, როდესაც ბენზინის პროდუქტიც ასევე გაძვირებულია და გაზრდილია პრემიუმიც, რომელსაც ფაქტობრივად ქარხნები იღებენ პროდუქტის დამზადებაში. საერთო ჯამში ეს მოგვცემს სურათს, რომ შიდა ბაზარზე, რომელიც 100%-ით დამოკიდებულია იმპორტზე, მივიღებთ გაზრდილ ფასებს ეტაპობრივად მომდევნო კვირებში”,-აცხადებს ვასილ ხორავა.




























