მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თუ ტენდენცია შენარჩუნდება, თვის ბოლომდე საწვავი 10-15 თეთრით გაძვირდება", - ტრეიდერი

საწვავი

ნავთობროდუქტების ტრეიდერების ნაწილი აცხადებს, რომ საერთაშორისო ბირჟებზე გაძვირებული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ეფექტი ჯერჯერობით სრულად არ ასახულა ქართულ ბაზარზე.

როგორც ნავთობროდუქტების საერთაშორისო ტრეიდერმა, გიორგი კაპანაძემ BMG-ის განუცხადა, ქართულ ნავთობიმპორტიორ კომპანიებს ჯერჯერობით მარაგები აქვთ.

თუმცა მისი თქმით, ნავთობის გაძვირების ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში, მოლოდინია, რომ მიმდინარე თვის ბოლომდე საქართველოში საწვავი კიდევ გაძვირდება, როგორც მსხვილ ბრენდირებულ ბენზინგასამართ ქსელებში, ასევე მცირე სადგურებზე.

„ქართველ ნავთობიმპორტიორებს მარაგები აქვთ და გარკვეულწილად ფასებს მაინც ინარჩუნებენ. ის ფასები, რაც ახლა ქართულ ბაზარზე საწვავზეა, სრულად არ ასახავს საერთაშორისო ბირჟებზე არსებულ ვითარებას. საკმაოდ არის გაზრდილი ბენზინის ფასი, ერთი ტონას ღირებულება 950 დოლარამდეა გაზრდილი, ერთი ტონა დიზელის ფასი კი 850 დოლარზეა ასული, ეს კი საწვავის თვითღირებულებას ზრდის. ბრენტის ტიპის ნავთობი ბოლო მონაცემებით, თითქმის 91 დოლარად ივაჭრება, ბოლო სამ თვეში 10 დოლარიანი ზრდაა, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. თუკი ეს ტენდენცია გაგრძელდება და ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ფასები ზრდას გააგრძელებს, ვფიქრობ, მიმდინარე თვის ბოლომდე ადგილობრივ ბაზარზე საწვავი დამატებით 10-15 თეთრით კიდევ გაძვირდება. ზოგადად, საერთაშორისო ბირჟებზე ფასების შემცირების მოლოდინი ნაკლებადაა, ფასები მხოლოდ ზემოთ მიდის“, - განაცხადა გიორგი კაპანაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ბაზარზე არსებულ სხვადასხვა ბრენდის გასამართ სადგურებზე ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საწვავმა გაძვირება დაიწყო და სხვადასხვა ტიპის ნავთობპროდუქტებზე ფასები 2-5 თეთრითაა გაზრდილი. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში საქართველოში საწვავის გაძვირება საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობპროდუქტებზე ფასების ზრდას უკავშირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები