მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რაკეტისა და ფოთლის ეფექტი" ანუ რატომ ძვირდება საწვავი სწრაფად, ხოლო იაფდება ნელა|რომან გოცირიძის მოსაზრება

რომან გოცირიძე

საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც სვამს კითხვას - "რატომ ხდება, რომ მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაძვირება ადგილობრივ ბაზარზე საწვავის ფასების სწრაფ ზრდას იწვევს, ხოლო მსოფლიო ბაზარზე ფასების შემცირება ადგილობრივ ბაზარზე ფასებს ნელა და არასათანადოდ ამცირებს?!"

მას მიაჩნია, რომ საქართველოში საწვავის ფასების სწრაფი ზრდა და ნელი შემცირება ბაზარზე არსებული სტრუქტურული პრობლემებითა და არაკონკურენტული გარემოთია გამოწვეული. "ეს ფენომენი ეკონომიკაში „რაკეტისა და ფოთლის ეფექტის“ სახელითაა ცნობილი-ფასები ზემოთ რაკეტასავით სწრაფად მიფრინავს, ხოლო ქვემოთ ფოთოლივით ნელა ეშვება", - წერს ეკონომისტი.

ცნობისთვის: საერთაშორისო ბაზარზე ნავთობზე ფასის აღმასვლის და ლოგისტიკის სირთულეების გათვალისწინებით, ბოლო თვე-ნახევრის განმავლობაში საცალო ქსელებში ბენზინი 50 თეთრამდე გაძვირდა.

რომან გოცირიძის პოსტს BMG უცვლელად გთავაზობთ:

"საწვავის ფასმა ისევ მოიმატა. ბოლო ერთ თვეში საქართველოში ბენზინის ფასი სწრაფად, დაახლოებით, 35 თეთრით გაიზარდა.

ეს ფენომენი ეკონომიკაში „რაკეტისა და ფოთლის ეფექტის“ სახელითაა ცნობილი-ფასები ზემოთ რაკეტასავით სწრაფად მიფრინავს, ხოლო ქვემოთ ფოთოლივით ნელა ეშვება. ქართულ ბაზარზე ეს ფენომენი განსაკუთრებით თვალშისაცემია.

რა არის ამის მიზეზი?

- დაბალი კონკურენცია და ოლიგოპოლიური ბაზარი. ოლიგოპოლია არის ისეთი საბაზრო სტრუქტურა, სადაც მთლიან ბაზარს ან მის უდიდეს ნაწილს მხოლოდ რამდენიმე მსხვილი კომპანია აკონტროლებს. ჩვენთან რომ ასეთი მდგომარეობაა, მგონი, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს.

- კარტელური გარიგება. ეს არის ოლიგოპოლიურ ბაზარზე მოქმედი კომპნიების ფარული შეთანხმება, რომლის მიზანიც კონკურენციის შეზღუდვა და მაქსიმალური მოგების მიღებაა. კონკურენციის ნაცვლად, ეს კომპანიები მოქმედებენ როგორც ერთი ჯგუფი (მონოპოლია) მომხმარებლის ხარჯზე. კარტელური გარიგების ძირითადი ფორმებია:

- ფასების დაფიქსირება: კომპანიები თანხმდებიან, რომ პროდუქტზე ან მომსახურებაზე შეინარჩუნონ ხელოვნურად მაღალი ფასი და არ დაიწყონ „ფასების ომი“.

- ბაზრის გაყოფა: ბაზრის გადანაწილება გეოგრაფიული ან მომხმარებელთა სეგმენტების მიხედვით, რათა ერთმანეთს კლიენტები არ წაართვან.

- წარმოების ან იმპორტის შეზღუდვა: პროდუქციის მიწოდების ხელოვნურად შემცირება, რაც ბაზარზე დეფიციტს ქმნის და ფასს მაღალ ნიშნულზე ინარჩუნებს.

- ტენდერების შეთანხმება: სახელმწიფო შესყიდვებში წინასწარ შეთანხმება, თუ ვინ გაიმარჯვებს და რა ფასად, რათა თითოეულმა კომპანიამ რიგრიგობით მიიღოს მოგება. ამ უკანასკნელს ბევრჯერ გადავყრილვარ ეროვნულ ბანკსა თუ პარლამენტში საქმიანობის დროს-კომპანიები არ მონაწილეობენ ტენდერში ან შეგნებულად მაღალ ფასს ითხოვენ, რათა „წააგონ“ სხვის სასარგებლოდ. მსგავსი მიდგომა განსაკუთრებით გაბატონებული ტენდენციაა საგზაო მშენებლობის დროს.

კარტელური გარიგება უკანონოა. იგი აზიანებს მომხმარებელს, რადგან მას ართმევს დაბალი ფასისა და უკეთესი ხარისხის არჩევის შესაძლებლობას.

საქართველოში კარტელურ გარიგებებს აგრეთვე ხელს უწყობს ანტიმონოპოლიური სამსახურის (კონკურენციის ეროვნული სააგენტოს) უკიდურესად არაეფექტიანი და პოლიტიკურად მოტივირებული საქმიანობა.

რატომღაც ჩვენთან საწვავზე ფასების შემცირების ერთადერთ გზად აქციზის შემცირება ესახებათ. არსებულ ვითარებაში მსგავსი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში აქციზის თანხის დიდი ნაწილი ბიუჯეტის ნაცვლად კარტელურად გარიგებული ნავთობკომპანიების ყულაბაში დაილექება. ფასები უმნიშვნელოდ დაიწევს, ხოლო მას შემდეგ, რაც ეს ცვლილებები აისახება ფასებში, შემდგომი საქმიანობა გაგრძელდება ტრადიციული, „რაკეტისა და ფოთლის ეფექტით“.

არსებული რეალობის შეცვლის გარეშე მსგავსი გადაწყვეტილება უშედეგო იქნება", - წერს რომან გოცირიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები