საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ აშშ-ის და ევროკავშირის მხრიდან თავდაცვის სფეროში დაფინანსების შეჩერების თაობაზე გადაწყვეტილება კონტრპროდუქტიულია. კობახიძემ განცხადება მთავრობის სხდომის დაწყებისას გააკეთა.
„მინდა გამოვეხმაურო აშშ-ის და ევროკავშირის გადაწყვეტილებას თავდაცვის სფეროში თანხების გამოყოფის შეჩერების თაობაზე. ეს გადაწყვეტილება არის სამწუხარო იმდენად, რამდენადაც არ პასუხობს ჩვენს მოლოდინს ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით. გასული ოთხი წლის პოლიტიკური მოვლენების ფონზე, ამ ურთიერთობებს ნამდვილად სჭირდება გადატვირთვა. ამისთვის ქართული მხარე, ჩვენი ხელისუფლება, სახელმწიფო თავიდან ბოლომდე მზად არის. შემხვედრი ნაბიჯების მოლოდინში ვართ. რა თქმა უნდა, ასეთი გადაწყვეტილებები არის კონტრპროდუქტიული ურთიერთობების გადატვირთვის თვალსაზრისით, თუმცა მე ვიტოვებ იმედს, რომ მომავალში გადაიდგმება პრაგმატული, რაციონალური, სწორი, სამართლიანი ნაბიჯები. სწორედ ასეთი ნაბიჯები შეუწყობს ხელს ურთიერთობების გადატვირთვას აშშ-სა და საქართველოს შორის. ჩვენ ამისთვის თავიდან ბოლომდე მზად ვართ“, - განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, ევროკავშირმა, საქართველოს “ევროპული სამშვიდობო ფონდიდან” €30-მილიონიანი ტრანში გაუჩერა, ხოლო აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა ქვეყანაში „ღირსეული პარტნიორის“ სწავლება განუსაზღვრელი ვადით გადადო.