მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამანათების ბაზრის 60%-ზე მეტი ჩინეთზე მოდის - „გლობალ ტრანსპორტერი“

„გლობალ ტრანსპორტერი“

საქართველოში ამანათების ბაზარზე ჩინურ პლატფორმებს მნიშვნელოვანი წილი უჭირავთ და მათი კონკურენციის პირობებში ადგილობრივ ბიზნესს ბაზარზე ოპერირება უჭირს. კომპანია „გლობალ ტრანსპორტერის“ მმართველი პარტნიორის, დავით ბეროშვილის შეფასებით, საქართველოში შემოსული ამანათების 60%-ზე მეტი ჩინეთიდან არის, მათ შორის კი მნიშვნელოვანი ნაწილი Temu-ზე მოდის.

დარგის წარმომადგენელი BMGTV-ის გადაცემა „საქმიანი დილაში“ სტუმრობისას ამბობს, რომ ჩინური პლატფორმების მთავარი უპირატესობა დაბალი ფასი და პროდუქციის ფართო ასორტიმენტია, რაც ქართულ კომპანიებს კონკურენციის შესაძლებლობებს უზღუდავს.

„ამანათების ბაზრის 60%-ზე მეტი ჩინეთზე მოდის. ძალიან იაფი პროდუქციაა და ძალიან ფართო ასორტიმენტია, შესაბამისად, ქართულ ბიზნესსაც მასთან კონკურენციის გაწევა ძალიან უჭირს“, - განაცხადა მან.

მისივე თქმით, არათანაბარი კონკურენციის პრობლემა მხოლოდ ადგილობრივ ე.წ. მარკეტპლეისებს არ ეხებათ და ის ამანათების გადამზიდავ კომპანიებზეც აისახება: „ადგილობრივებსაც, ამანათებსაც, მარკეტპლეისებსაც, ყველასთან ძალიან არათანაბარ პირობებში ვართ“, - აღნიშნა ბეროშვილმა.

რაც შეეხება რუსულ მარკეტპლეისებს - Wildberries-სა და Ozon-ს, დავით ბეროშვილის შეფასებით, მათი წილი საქართველოში ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი არ არის, თუმცა ორივე პლატფორმა ბაზარზე აქტიურ პოზიციონირებას ცდილობს.

„მათი წილი ჯერჯერობით არ არის ისეთი შესამჩნევი, მაგრამ ისე აქტიურად შემოვიდნენ. სავარაუდოდ, ძალიან დიდ მომხმარებელს მიიზიდავენ. რუსული მოსახლეობა ძირითადად ამ პლატფორმებს იყენებს“, - განაცხადა მან.

ამასთან, „გლობალ ტრანსპორტერის“ მმართველი პარტნიორის განცხადებით, საქართველოში ამანათების ბაზრისთვის გამოწვევად რჩება ისიც, რომ საერთაშორისო პლატფორმებსა და ადგილობრივ კომპანიებს შორის კონკურენციის პირობები თანაბარი არ არის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები