მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამანათების გადამზიდავი კომპანიები საბაჟო პროცედურების გამარტივებას ითხოვენ

638e186cc9809
ანუკა ჯოხაძე
06.12.22 19:00
829

ამანათების გადამზიდავი კომპანიები საბაჟო პროცედურების გადახედვას და მათ გამარტივებას ითხოვენ, რადგან მათი თქმით, დღეს დამატებითი დოკუმენტაციის მოთხოვნის გამო არაერთი გზავნილი ფერხდება. მათი თქმით, საქმე ეხება ისეთ ამანათებს, რომლებიც განბაჟებასაც არ ექვემდებარება.

UPS საქართველოს ხელმძღვანელი გიორგი ქოპილაშვილი აცხადებს, რომ ამ კუთხით შესაბამისი კომუნიკაცია ფინანსთა სამინისტროსთან იყო, თუმცა ნაბიჯები არ გადადგმულა. მისი თქმით, აუცილებელია გადაწყვეტილებების ოპერატიულად მიღება.

“ისეთი კატეგორიის გზავნილებზე ხდება შეფერხება, რომელიც განბაჟებას არ ექვემდებარება. ადრეც გვქონია ამაზე საუბარი. ეს არის დამატებითი დოკუმენტაციის მოთხოვნა, პირადი ნომრების მითითება, რომელიც ძალიან ართულებს გზავნილების დროულ მიწოდებას და იწვევს კლიენტების უკმაყოფილებას.

მიწოდების ჯაჭვს არ უყვარს სხვადასხვა რგოლში ჩავარდნა, ყველა რგოლი უნდა იყოს გამართული და ფუნქციონირებდეს, რომ საერთო შედეგი მივიღოთ, თუ გვინდა, რომ პროგრესი გვქონდეს.

გვჭირდება ინოვაცია აუცილებლად, ასეთი საკითხები, მიუხედავად იმისა, რომ პატარ-პატარაა, არ უნდა რჩებოდეს ღია და გადაწყვეტილება უნდა მიიღებოდეს ოპერატიულად", - აცხადებს UPS საქართველოს ხელმძღვანელი გიორგი ქოპილაშვილი.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის 14 მაისიდან მოქალაქეებს საფოსტო გზავნილით 300 ლარზე მეტი ღირებულების საქონლის მიღების შემთხვევაში მომსახურების საფასურის გადახდა უწევთ. ცვლილებების მიხედვით, რომელმაც მოქალაქეებს მომსახურების ახალი მოსაკრებელი დააკისრა გადასახადის ღირებულება დამოკიდებულია თავად პროდუქციის ღირებულებაზე.

თუ საქონელი 300-3000 ლარამდე ღირებულებისაა, მომსახურების საფასური 20 ლარია, 3000-10000 ლარამდე ღირებულების ნივთის შემთხვევაში კი 100 ლარი. ცვლილებების ამოქმედებამდე 10 000 ლარამდე ღირებულების საქონელი აღნიშნული მოსაკრებლისგან თავისუფალი იყო.

განბაჟების ზღვრის 300 ლარიდან 700 ლარამდე გაზრდასაც ითხოვდნენ ბაზრის მოთამაშეები, თუმცა სამინისტროს მხრიდან არც ამ კუთხით გადადგმულა შესაბამისი ნაბიჯები. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები