საქართველოს მთავრობამ ყურძნის შემდეგ ვაშლის სუბსიდირების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ გადაწყვეტილება გუშინ გახდა ცნობილი.
BM.GE საკითხის შესაფასებლად ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნეს-ანალიტიკოსს გია ჩქოფოიას დაუკავშირდა, რომელიც მიიჩნევს, რომ მთავრობის მხრიდან გაჟღერებული სუბსიდირების პროგრამები ასეთი ეკონომიკური კრიზისის პერიოდშიც კი პოლიტიკურ და არა ეკონომიკურ გადაწყვეტილებას წარმოადგენს.
„ერთ დიდ სურათში, ზოგადად, სუბსიდიების წინააღმდეგი ვარ და მიმაჩნია, რომ ეს არის ნაძარცვი თანხის დარიგება ვიღაც ადამიანების გადაწყვეტილებით და როდესაც ასე სხვის ფულს ხარჯავს სხვა ადამიანი, იმის გარდა რომ ეს პროცესი არასამართლიანია, ამასთან აბსოლუტურად არაეფექტიანია“, - აცხადებს გია ჩქოფოია.
ის მიიჩნევს ერთი კონკრეტული ბიზნესსაქმიანობის სუბსიდირება არასწორია და ის ბიზნესსუბიექტებს ცუდ სიგნალებს უგზავნის, რომელიც შემდგომ მათ გადაწყვეტილებებზე მოქმედებს, რომელ დარგში დაიწყონ მუშაობა.
„რა დააშავა იმ ადამიანმა, რომელიც ფეხსაცმელს აწარმოებს. მეტსაც გეტყვით ვაშლი პირველადი მოხმარების პროდუქტია და მას უფრო გაყიდის ადამიანი, ვიდრე ფეხსაცმელს. მაშინ მეწაღეც დავაფინანსოთ და ყველა დავაფინანსოთ, ვინც ზარალზე იმუშავებს წელს და მომდევნო წლებშიც.
ჩვენ უნდა გვესმოდეს რომ მსგავსი სახის სუბსიდიებს ყოველთვის პოლიტიკური მდგენელი გააჩნია. არსებითად, მას არანაირი კავშირი ეკონომიკის წახალისებასთან არ აქვს და ასეთ ქმედებებს ყოველთვის მივყავართ ბაზარზე ასიმეტრიული სიგნალების გენერირებასთან, რაც იმას ნიშნავს, რომ ცუდ სიგნალებს ვაგზავნით ეკონომიკურ აგენტებში, რომ ასეთი ტიპის საქმიანობას მოკიდონ ხელი, იმიტომ რომ მაინც სუბსიდირებულია და ამით არარაციონალურ გადანაწილებას ვიღებთ.
ასეთი სუბსიდირებები პოპულისტურია, მით უმეტეს ახლა არჩვენები მოდის, ეს არის ჩვეულებრივად პოლიტიკური გადაწყვეტილება და პოლიტიკური აქტი და ამას ეკონომიკის გადარჩენასთან არანაირი კავშირი არ გააჩნია“, - ამბობს ბიზნეს-ანალიტიკოსი.
გია ჩქოფოია მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში თუ მთავრობას რეალურად უნდა სოციალურად დაუცველ ფენას დაეხმაროს, მაშინ უნდა გამოიკვლიონ ვინ იზარალა ყველაზე მეტად პანდემიის პერიოდში და ვინ აღმოჩნდა სოციალურ ზღვარს ქვემოთ.
„რაც შეეხება დღეს სუბსიდირების განხორციელებას ამ ვითარებაში, როდესაც არის ეკონომიკური კრიზისი და მართლაც ზოგიერთ ადამიანს შესაძლოა სოციალური დახმარება სჭირდებოდეს, თუ კი სოციალურ დახმარებაზეა ლაპარაკი მაშინ ამას უნდა დავარქვათ სოციალური დახმარება. უნდა გამოვიკვლიოთ ის ადამიანები, ვინც ამ დროს გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა და დავეხმაროთ იმ ადამიანებს, ვინც შიმშილის ზღვარზე არიან.
მასობრივად რაღაც სექტორს რომ დავეხმაროთ ეს არის უშინაარსო რამ, რომელიც აზარალებს ამ სექტორის წარმომადგენლებსაც და მათაც, ვისი გადასახადებიდან ამოღებული თანხებით ხდება ამ პროექტის განხორციელება“, - განმარტა ჩქოფოიაიმ.