"ამაყი ვარ, რომ მოლდოვას დავეხმარეთ, ვწუხვარ, რომ საქართველოსთვის იგივე ვერ ვქენით" - ასე უპასუხა გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა ევროპარლამენტარის, რასა იუკნავეჩიენეს კითხვას, რომელიც ქართული სამოქალაქო საზოგადოების მიმართ EU-ს მხარდაჭერას შეეხებოდა.
რასა იუკნავეჩიენემ ევროპარლამენტში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, რომ სამრეთ კავკასიის რეგიონში ევროინტეგრაციის კუთხით სომხეთი ლიდერობს.
"ჩანს, რომ სომხეთი სამხრეთ კავკასიის რეგიონში ევროპული იმედის ლიდერად ყალიბდება, როცა საქართველო ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც თქვენ აღწერეთ. მსურს, უფრო თამამად უპასუხოთ [მიმართავს ევროკომისიას] სომხების მიერ ჩვენკენ გამოწვდილ ხელს. საქართველოს მიმართ რეალისტები უნდა ვიყოთ, "ქართული ოცნება" არ დაუბრუნდება ევროპულ გზას, ეს არის კრემლის მარიონეტული რეჟიმი. ზომები, რომლებიც შეგვიძლია მივიღოთ იმ ხალხის დასახმარებლად, ვინც ქუჩებში ევროპული მომავლისთვის თითქმის ერთი წელია იბრძვის, არის სანქციები და სავიზო რეჟიმის შეზღუდვა პასუხისმგებელი პირებისთვის, მათ შორის დეზინფორმაციის არხებისთვის. მათ შორის ერთ-ერთი აქაც თავისუფლად ოპერირებს. Russia Today და Sputnik-ი აკრძალულია, მაგრამ "ქართული ოცნების" "იმედი" თავისუფლად მუშაობს და ევროპელი პოლიტიკოსების წინააღმდეგ სიძულვილს აღვივებს. მინდა ვიცოდე სამოქალაქო საზოგადოებისთვის ევროკავშირის დახმარების შესახებ, რადგან ორგანიზაციები, რომელთა უმრავლესობასაც რეჟიმი დევნის, ვერ იღებენ ვერანაირ მხარდაჭერას", - მიმართა რასა იუკნევიჩიენემ მარტა კოსს.
ევროპარლამენტარის კითხვის საპასუხოდ, კომისარმა აღნიშნა, რომ EU სომხეთს უნდა დაეხმაროს, რაც, საქართველოს შემთხვევაში, ვერ შეძლო.
"ძალიან ამაყი ვარ, რომ მოლდოვას დავეხმარეთ დეზინფორმაციასთან და იმ ავტოკრატიულ სისტემასთან ბრძოლაში, რომელსაც უნდა, ჩვენი მარცხის მომსწრე გახდეს. ვწუხვარ, რომ ეს საქართველოსთვის ვერ გავაკეთეთ და გეთანხმებით, ახლა დაგვიანებულია. ამიტომ, სომხეთს უნდა დავეხმაროთ. ამაზე სამომავლოდ ვისაუბროთ", - განაცხადა მარტა კოსმა.
ევროკომისიამ დღეს EU-ს კანდიდატი ქვეყნების შესახებ გაფართოების ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოში დემოკრატიული ვითარების გაუარესებას ეთმობა და აღნიშნულია, რომ როგორც ჯერ კიდევ 2024 წლის დეკემბერში ევროპულმა საბჭომ დაასკვნა საქართველოს EU-ში გაწევრიანების პროცესი "დე ფაქტო გაჩერებულია", ხოლო 2025 წელს კი დამატებით დემოკრატიის თვალსაზრისით საქართველოში "მნიშვნელოვანი უკუსვლა" ფიქსირდება და საქართველო კანდიდატის სტატუსის მხოლოდ "სახელწოდებას" ინარჩუნებს.




























