ამერიკული Amazon-ი, რომელიც ქლაუდსერვისების მსოფლიოს უდიდესი მიმწოდებელი კომპანიის, Amazon Web Services-ის, იგივე AWS-ის მფლობელია, შტატ ოჰაიოში ინვესტიციას აფართოებს და 2030 წლისთვის შტატის ეკონომიკაში $10 მილიარდს დააბანდებს. თავად ეს ინვესტიცია ახალი არ არის, რადგან 2022 წელს Amazon-ი ოჰაიოში $6 მილიარდის ჩადებას გეგმავდა, გასულ წელს კი ინვესტიციის საორიენტაციო ღირებულება $7.8 მილიარდამდე გაზარდა.
საბოლოო ჯამში, ათწლეულის ბოლომდე Amazon-ი ოჰაიოში $23 მილიარდის დაბანდებას გეგმავს. ამ თანხით, Amazon-ი ოჰაიოში ახალ დატაცენტრებს და სხვა მომიჯნავე ინფრასტრუქტურას მოაწყობს, რომელსაც სხვადასხვა კომპანიები ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის და ქლაუდსერვისებისთვის გამოიყენებენ. ბოლო მონაცემებით, Amazon-ზე ქლაუდსერვისების ინფრასტრუქტურის ბაზრის 31%-იანი წილი მოდის, ხოლო მზარდი ინვესტიცია მიგვანიშნებს, რომ ჯეფ ბეზოსის კომპანია არ ჩერდება და პირიქით, ამ რიცხვის გაზრდა სურს.
Amazon-ის ეს ინვესტიცია, ისევე, როგორც ქლაუდსერვისებზე მზარდი მოთხოვნა იმითაა განპირობებული, რომ ხელოვნური ინტელექტის გამართულ ოპერირებას სუპერმძლავრი კომპიუტერებით დაკომპლექტებული დატაცენტრები სჭირდება. შესაბამისად, რაც უფრო მეტი კომპანია დაიწყებს საკუთარი AI-პროექტის განხორციელებას და რაც უფრო მეტი მომხმარებელი ისარგებლებს ბაზარზე წარმოდგენილი ხელოვნური ინტელექტით, უფრო მაღალი იქნება მოთხოვნა AWS-ის სერვისებზე, რაც, საბოლოო ჯამში, კომპანიის შემოსავალს და საბაზრო კაპიტალიზაციას გაზრდის.
უშუალოდ დატაცენტრებში ინვესტირების გარდა, Amazon-მა ოჰაიოს ენერგეტიკული ქსელიც გააუმჯობესა, რადგან ქარისა და მზის ათობით ელექტროსადგური ააშენა — ისინი ყოველწლიურად 2.9 გიგავატ-საათ სუფთა, ანუ უგამონაბოლქვო ელექტროენერგიას წარმოქმნიან, რაც დაახლოებით 565,000 ამერიკული ოჯახის წლიურ მოხმარებას უდრის. ენერგეტიკის და დატაცენტრების გარდა, Amazon-ის მრავალმილიარდიან ინვესტიციებს სატელეკომუნიკაციო სექტორში, კიბერუსაფრთხოებაში და სხვა მომიჯნავე სექტორებში ვხვდებით.
2010 წლიდან დღემდე, Amazon-მა ოჰაიოს ეკონომიკაში $35 მილიარდი დააბანდა, რითაც ოჰაიოში 110,000 სამუშაო ადგილი შეიქმნა, ხოლო შტატის მთლიანმა შიდა პროდუქტმა $31 მილიარდით იმატა. შედარებისთვის გეტყვით, რომ ეს თანხა დაახლოებით ისაა, რაც საქართველოს ეკონომიკის მოცულობა, ანუ Amazon-ის მრავალმილიარდიანი ინვესტიციით შტატმა საქართველოს ჯამური დოვლათი დაიმატა.
აქვე, ორიოდ სიტყვა უნდა ვთქვათ თავად ოჰაიოზე, რომელიც ბოლო წლებში, ტექნოლოგიური გიგანტებისთვის ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ შტატად იქცა. Amazon-ის გარდა, ამ შტატში Google-ის, Microsoft-ის და Meta-ს დატაცენტრებს შეხვდებით, რაც დიდწილად, შტატის გეოგრაფიულ მდებარეობას, იქ არსებულ კლიმატს და საგადასახადო გარემოს უკავშირდება.
— ოჰაიო, რომელიც აშშ-ის შუა-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს, ბევრ მნიშვნელოვან და მჭიდროდ დასახლებულ შტატთან ახლოს მდებარეობს, რაც ინტერნეტის დაყოვნებას მინიმუმამდე ამცირებს;
— ამასთან, ოჰაიოში ძალიან დაბალია მიწისძვრის, ქარიშხლის და სხვა ბუნებრივი კატაკლიზმების ალბათობა, ანუ კომპანიები აქ თავს უსაფრთხოდ გრძნობენ;
— ოჰაიო, რომელიც კანადის საზღვართან ახლოს მდებარეობს, შედარებით გრილი კლიმატით გამოირჩევა, რაც დატაცენტრების ოპერირებას ნაკლებად ხარჯიან საქმიანობად აქცევს;
— სხვა შტატებთან შედარებით ოჰაიოში ელექტროენერგია შედარებით იაფი ღირს, ხოლო ქსელში, რომელიც თანამედროვე და გამართულია, განახლებადი ენერგიის წილი საკმაოდ მაღალია;
— ოჰაიოს ხელისუფლება ბიზნესის მიმართ პარტნიორული მიდგომით გამოირჩევა, ხოლო კომპანიები, რომლებიც შტატში ინვესტიციებს აბანდებენ, საგადასახადო შეღავათებს და ბონუსებს იღებენ.