გავრცელებული ინფორმაციით, Amazon-ი სატელიტური კომპანიის, Globalstar-ის შეძენას განიხილავს.
როგორც The Financial Times-ი გარიგებასთან დაკავშირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, მიმდინარეობს ხანგრძლივი მოლაპარაკებები, რომელსაც ართულებს ის ფაქტი, რომ Globalstar-ის 20%-იან წილს Apple ფლობს.
Apple-მა ეს წილი 2024 წლის ნოემბერში, დაახლოებით 400 მილიონი დოლარის ღირებულების კაპიტალური გარიგებით შეიძინა. ის ასევე დათანხმდა, რომ iPhone-ის სატელიტური სერვისების გასაფართოებლად Globalstar-ს 1.1 მილიარდ დოლარს გადაუხდის ნაღდი ფულით. ამ შეთანხმების ფარგლებში, Globalstar-მა Apple-ს თავისი ქსელის სიმძლავრის 85% გამოუყო.
გასული წლის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ Globalstar-ი კომპანიის გაყიდვას განიხილავდა, პოტენციურ მყიდველად კი SpaceX-ი სახელდებოდა. თუმცა, არცერთ კომპანიას ეს ცნობები არც დაუდასტურებია და არც უარუყვია.
1991 წელს დაარსებული Globalstar-ის პირველი თაობის თანავარსკვლავედი დედამიწის დაბალ ორბიტაზე (LEO) 48 სატელიტისგან შედგება, დამატებით ოთხი კი ორბიტაზე სათადარიგოდაა, ხოლო მეორე თაობის თანავარსკვლავედი 24 კოსმოსურ აპარატს მოიცავს. ამჟამად კომპანია Apple-ის მხარდასაჭერად მესამე თაობის ფლოტზე მუშაობს და მომავალში უფრო დიდი თანავარსკვლავედის შექმნას გეგმავს.
Globalstar-ი კავშირგაბმულობის სერვისებს მსოფლიოს 120-ზე მეტ ქვეყანაში უზრუნველყოფს.
Amazon-ის მიერ Globalstar-ის შეძენა გააძლიერებს კომპანიის ამბიციებს, კონკურენცია SpaceX-ის ორბიტული ინტერნეტის პროვაიდერ Starlink-ს გაუწიოს. გარიგება ჯერ არ დასრულებულა, მოლაპარაკებები გრძელდება.




























