მსოფლიოს უდიდესი ონლაინმაღაზიის, ამერიკული Amazon-ის საკუთრებაში არსებული ქლაუდ-ბიზნესი, Amazon Web Services-ი ზრდას განაგრძობს. როგორც კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ კვარტალურ შედეგებში ვკითხულობთ, 2024 წლის მეორე კვარტალში AWS-ის შემოსავალმა 19%-ით იმატა და $26.28 მილიარდი შეადგინა, რამაც ანალიტიკოსების პროგნოზს $26 მილიონით გადააჭარბა.
კომპანიის განცხადებით, ქლაუდ-ბიზნესი უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე Amazon-ის ონლაინმაღაზია, მაგრამ ამ მხრივ Amazon-ის კონკურენტებს შორის მსოფლიოს უდიდესი კომპანიები - Google-ი, Microsoft-ი და Oracle-ი არიან. AWS-ზე Amazon-ის შემოსავლის 18% მოდის, მაგრამ მოგების კუთხით ის გაცილებით დიდ როლს ასრულებს. მიმდინარე კვარტალში AWS-მა $9.3 მილიარდის საოპერაციო მოგება დააგენერირა, რაც კომპანიის ჯამური საოპერაციო მოგების 63%-ია.
ქლაუდ-სერვისების ბაზარზე AWS-ი ჯერაც უდიდეს მოთამაშედ რჩება, მაგრამ სხვა ტექნოლოგიური გიგანტების მიერ ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურაში ჩადებული ინვესტიცია, ნელ-ნელა ამართლებს. Microsoft-ის განცხადებით, Azure-იდან და სხვა სერვისებიდან მიღებულმა შემოსავალმა წინა კვარტალში 29%-ით იმატა. ანალოგიური ზრდა ჰქონდა Google-ის საკუთრებაში არსებულ ქლაუდ-ინფრასტრუქტურას და Workspace-ის პროგრამულ უზრუნველყოფას. ცხადია, ბაზარზე სხვა, შედარებით მცირე ზომის მოთამაშეებიც არიან.
როგორც Amazon-ის კვარტალური შედეგების გამოქვეყნების დროს ითქვა, იცვლება კომპანიის მენეჯმენტიც. ამიერიდან, AWS-ის გენერალური დირექტორი მეტ გარმანი იქნება, რომელიც ამ თანამდებობაზე ადამ სელიპსკის ჩაანაცვლებს. ამ დრომდე, გარმანი ტექნოლოგიური გიგანტის გაყიდვებს, მარკეტინგსა და გლობალურ სერვისებს ხელმძღვანელობდა, ხოლო მანამდე Amazon-ის კომპიუტინგის მიმართულებას ხელმძღვანელობდა.