მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Amazon-ის შექმნიდან 30 წელი გავიდა — რას წარმოადგენს კომპანია დღეს?

Amazon ჯეფ ბეზოსი
სტატიაში საუბარია:

სამი ათეული წლის წინ, 1995 წლის ივლისში, ჯეფ ბეზოსმა წიგნების გაყიდვისთვის პატარა ონლაინ მაღაზია შექმნა. მაშინ არც თავად ბეზოსს და არც მსოფლიოს არ წარმოედგინა, რომ ეს მინიმალისტური ვებსაიტი ერთ-ერთ უდიდეს გლობალურ კომპანიად გადაიქცეოდა, რომელიც გავლენას მოახდენდა არა მხოლოდ ვაჭრობაზე, არამედ ტექნოლოგიებსა და გლობალურ ეკონომიკაზე.

დღეს Amazon-ი 2 ტრილიონ 376 მილიარდი დოლარის საბაზრო კაპიტალიზაციის მქონე ჰოლდინგს წარმოადგენს, რომლის საქმიანობა ბევრად სცდება ელექტრონულ კომერციას. მიუხედავად ამისა, Amazon-ი დღემდე რჩება მსოფლიოს უდიდეს ონლაინ საცალო ვაჭრობის პლატფორმად. მისი ვებგვერდი ყოველდღიურად მილიონობით ადამიანს ემსახურება, რომლებიც ყიდულობენ ყველაფერს — წიგნებით და ელექტრონიკით დაწყებული, სასურსათო პროდუქტებითა და ავეჯით დამთავრებული. კომპანიის ლოგისტიკური ქსელი და Prime-სერვისი იმხელა მასშტაბს აღწევს, რომ კომპანია 1.5 მილიონ თანამშრომელს ასაქმებს.

ცხადია, მხოლოდ ვაჭრობა არ არის Amazon-ის მთავარი ძალა. კომპანიის მეორე უმნიშვნელოვანესი მიმართულება არის მისი ღრუბლოვანი სერვისების პლატფორმა — Amazon Web Services (AWS). ეს სერვისი მსოფლიოს მასშტაბით ათასობით კომპანიასა და სტარტაპს აძლევს საშუალებას, AWS-ისგან იქირაონ კომპიუტერული სიმძლავრე, შეინახონ მონაცემები და მასზე ააშენონ საკუთარი ციფრული ინფრასტრუქტურა. AWS-ის წყალობით, Amazon-მა ერთ-ერთი წამყვანი ადგილი დაიკავა ტექნოლოგიურ სექტორში და დღეისათვის მისი ყველაზე სწრაფად მზარდი პროდუქტი არა სავაჭრო პლატფორმა, არამედ სწორედ ეს Cloud-სერვისია, რომელსაც, თავის დროზე, ინვესტორებიც, მედიაც და კონკურენტებიც აკრიტიკებდნენ და ფიქრობდნენ, რომ AWS-ში ინვესტირებით ჯეფ ბეზოსი კომპანიას დაღუპავდა, თუმცა ბეზოსს არაფერი ეტყობა დაღუპულის, რადგან ის ახლა 244 მილიარდი დოლარის ქონებას ფლობს.

ყველაფერთან ერთად, Amazon-ი აქტიურად ავითარებს ხელოვნურ ინტელექტს, რობოტიკას, ავტონომიურ მოწყობილობებს და სხვა ინოვაციებს. კომპანია ექსპერიმენტებს ატარებს დრონებით მიწოდების სექტორში და ქარხანაში რობოტების დასაქმებასაც აპირებს.

30 წლის წინ დაწყებული წიგნების ონლაინ მაღაზია დღეს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და გავლენიანი კომპანიაა პლანეტაზე. Amazon-მა შეცვალა ჩვენი ვაჭრობის, მუშაობისა და ტექნოლოგიების გამოყენების კულტურა. მისი ისტორია მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ერთი გიჟური იდეა, გამბედაობა და ინოვაციური მიდგომა გლობალური მასშტაბის წარმატებად გადაიქცეს. დღეს უკვე Amazon-ი იმდენად დიდია, რომ თავისი მასშტაბებით ის არათუ კომპანიებს, არამედ სახელმწიფოებს უნდა შევადაროთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები