მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Amazon-მა $3.9 მილიარდად One Medical შეიძინა

63f76749db469
გიორგი თოლორდავა
23.02.23 22:15
984
სტატიაში საუბარია:
ჯანდაცვის ინდუსტრიის ერთ-ერთი უმსხვილესი გარიგება წარმატებით შედგა, აშშ-ის მარეგულირებელმა კომისიამ საბოლოო თანხმობა გასცა - ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Amazon-მა სამედიცინო პლატფორმა, One Medical-ი 3.9 მილიარდ დოლარად შეიძინა.

One Medical-ი გამოწერის ბიზნესმოდელის მქონე ჯანდაცვის ქსელია, რომელსაც, როგორც წესი, მომხმარებლები ჯანმრთელობის დაზღვევასთან ერთად ყიდულობენ. One Medical-ის მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, ტელემედიცინის ონლაინსერვისით 24/7-ზე რეჟიმში ისარგებლონ, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, იმავე ან მაქსიმუმ მეორე დღეს ექიმს ფიზიკურადაც შეხვდნენ, კომპანიის საკუთრებაში არსებული 200 კლინიკიდან ერთ-ერთში.

ვიზიტის დაჯავშნა და მისთვის კვირების და ზოგჯერ თვეების განმავლობაში ლოდინი, სამსახურიდან გათავისუფლება, კლინიკამდე მისვლა, მანქანის გასაჩერებელი ადგილის მოძებნა და მოსაცდელ ოთახში დაყოვნება – ყველაფერი ეს იმისთვის, რომ ექიმთან რამდენიმე წუთი გაატაროთ და შემდეგ უკვე აფთიაქისკენ მიაშუროთ, სწორედ ესაა ის პროცესი, რომელსაც One Medical-ი ამარტივებს.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ One Medical-ი მომხმარებლებს პრემიუმ-ხარისხის, ინოვაციურ სამედიცინო მომსახურებას სთავაზობს.

ზოგადად, ჯანდაცვის გლობალური ინდუსტრია დაახლოებით 8 ტრილიონიანი ბაზარია, რომელზეც რამდენიმე მსხვილი ამერიკული კომპანია დომინირებს, მათ შორისა: UnitedHealth და Johnson&Johnson. ტექნოლოგიურ გიგანტებს, რომელთაც კოლოსალური მოცულობის ფულად რესურსებთან აქვთ წვდომა, დიდი ხანია სურთ ამ ბაზარზე შესვლა, თუმცა ცოდნისა ნაკლებობისა და გამოუცდელობის გამო, ამას ვერ ახერხებენ. ასეთ შემთხვევაში, ერთადერთი გამოსავალი სხვა სამედიცინო-ფარმაცევტული კომპანიების შეძენაა.

One Medical-ის შესყიდვით, Amazon-ი ჯანდაცვის ბაზრის ათვისების რამდენიმე წლის წინ დაწყებულ ტრენდს აგრძელებს. ამ მიმართულებით, ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი ჯერ კიდევ 2020 წელს გააქტიურდა, როცა Amazon Pharmacy გაუშვა. მოგვიანებით, Amazon-მა ტელემედიცინის საკუთარი პლატფორმა, Amazon Care-ი აამოქმედა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ One Medical-ის შესყიდვით, Amazon-ს პირველადი ჯანდაცვის ბაზარზე შესვლის ძალიან კარგი შანსი ეძლევა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები