ხელოვნური ინტელექტის სტარტაპი Anthropic-ი ამერიკულ Amazon-თან თანამშრომლობას აფართოებს და მომდევნო ათწლეულის განმავლობაში $100 მილიარდზე მეტი ინვესტიციის განხორციელების ვალდებულებას იღებს.
აღნიშნული შეთანხმების მიზანი მასშტაბური გამოთვლითი სიმძლავრეების მოპოვებაა, რაც ხელოვნური ინტელექტის სფეროში ლიდერობისთვის გადამწყვეტ ფაქტორს წარმოადგენს. ამ გარიგების ფარგლებში, Amazon-ი დაუყოვნებლივ $5 მილიარდის ინვესტიციას განახორციელებს სტარტაპში, სამომავლოდ კი ამ თანხის $20 მილიარდამდე გაზრდის შესაძლებლობას დაიტოვებს, რითაც Anthropic-ში საკუთარ წილს კიდევ უფრო გაზრდის.
საპასუხოდ, Anthropic-ი გეგმავს, რომ Amazon-ისგან 5 გიგავატამდე სიმძლავრის გამოთვლითი რესურსი მიიღოს, რაც Claude-ის მოდელების წვრთნისა და ფუნქციონირებისთვისაა საჭირო.
ექსპერტების შეფასებით, ეს ნაბიჯი პირდაპირი პასუხია მისი მთავარი კონკურენტის, OpenAI-ის წინააღმდეგ, რომელმაც გასულ კვირას ინვესტორებს საკუთარი გამოთვლითი რესურსები მთავარ კონკურენტულ უპირატესობად წარუდგინა. გამოთვლითი სიმძლავრე ამჟამად დეფიციტური რესურსია, რადგან ის ერთდროულად როგორც არსებული მომხმარებლების მომსახურებას, ისე მომავალი თაობის მოდელების განვითარებას ხმარდება.
ინფრასტრუქტურული შეზღუდვები Anthropic-ისთვის უკვე პრობლემად იქცა, რაც განსაკუთრებით Claude Code-ზე მოთხოვნის მკვეთრმა ზრდამ გამოაჩინა. ამის გამო კომპანიამ კორპორაციული ფასების პოლიტიკა შეცვალა და აქტიური მომხმარებლებისთვის ტარიფები გაზარდა. გრძელვადიან პერსპექტივაში მთავარ გამოწვევად რჩება ის ფაქტი, რომ Anthropic-ი დამოკიდებულია პარტნიორზე, რომელიც თავადაც აქტიურად მონაწილეობს ხელოვნური ინტელექტის რბოლაში და შესაძლოა, საკუთარი ინტერესები პრიორიტეტულად მიიჩნიოს და Claude-ის მოდელს ინფრასტრუქტურაზე წვდომა შეუჩეროს. აი, სწორედ ამ რისკის დაზღვევის მიზნით გაფორმდა Amazon-თან ეს შეთანხმება.




























