მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს Anthropic-ის შემოსავალი 1,200%-ით გაიზარდა

anthropic

AI-ინდუსტრიის ლიდერმა სტარტაპმა, Anthropic-მა მიმდინარე წლის მესამე კვარტალში $17 მილიარდის შემოსავალი მიიღო, წლიურ ჭრილში კი ეს მაჩვენებელი 1,127%-ით გაიზარდა. ამავე პერიოდში კომპანიის წმინდა ზარალმა $23.29 მილიარდი შეადგინა.

კომპანიამ აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიას განახლებული საჯარო შეთავაზების განაცხადი წარუდგინა, სადაც მესამე კვარტალის ფინანსური მაჩვენებლები დეტალურად არის ასახული.

რაც შეეხება შედარებით ხანგრძლივ პერიოდს, 30 სექტემბრის მდგომარეობით, 9 თვის შემოსავალმა $33.24 მილიარდს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 1,200%-იან ზრდას წარმოადენს.

ამავე პერიოდში კომპანიის წმინდა ზარალმა $104 მილიარდი შეადგინა, მაშინ როდესაც 2025 წლის იმავე მონაკვეთში დანაკარგი $25.1 მილიარდს უტოლდებოდა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ზარალის ძირითადი ნაწილი კონვერტირებადი ობლიგაციებისა და წარმოებული ვალდებულებების ღირებულების გადაფასებას უკავშირდება და არა უშუალოდ საოპერაციო დანაკარგს.

ამას გარდა, განახლებული დოკუმენტიდან ცნობილი ხდება, რომ Anthropic-ს შესყიდვებისა და იჯარის ხელშეკრულებების ფარგლებში $895.4 მილიარდის ვალდებულება აქვს აღებული. როგორც დოკუმენტშია მითითებული, ეს თანხა სრულად გამოთვლითი სიმძლავრეებისა და ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფისკენ არის მიმართული. მარტივად რომ ვთქვათ, ეს თანხა მონაცემთა ცენტრებზე და ჩიპებზე უნდა დაიხარჯოს.

ამ შედეგების გასაჯაროების ფონზე, Anthropic-ის ხელმძღვანელობა ისტორიული IPO-სთვის ემზადება. Nasdaq-ის ბირჟაზე AI-სტარტაპი $2-ტრილიონიანი შეფასებით გეგმავს გამოსვლას, რაც ახალი რეკორდი იქნება. ამასთან, Anthropic AI კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანიაა, რომელმაც ერთდროულად მოხსნა შემოსავლების, კომერციული კლიენტების, კონტრაქტების და საბაზრო კაპიტალიზაციის ზრდის რეკორდები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები