ხელოვნური ინტელექტის სფეროში მომუშავე ამერიკული სტარტაპი Anthropic AI გეგმავს ინვესტორებს განუცხადოს, რომ მისთვის ხელმისაწვდომი საერთო ბაზრის მოცულობა $30 ტრილიონ დოლარს აღემატება.
Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ჩატბოტ Claude-ის შემქმნელი კომპანია ამ მაჩვენებლით SpaceX-ის მიერ დაფიქსირებულ $28.5-ტრილიონიან საპროგნოზო ნიშნულსაც გადაასწრებს.
როგორც ირკვევა, ბაზრის ჯამური პოტენციალის შეფასებისას კომპანიამ გაითვალისწინა იმ სამუშაოების სრული მოცულობა, რომელთა შესრულებაც მომავალში ხელოვნური ინტელექტის მოდელებს ეფექტურად შეეძლებათ. მასშტაბური ბაზრის მოცულობის დასაბუთება Anthropic-ისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან ის კომპანიის მაღალ საბაზრო შეფასებას, ინფრასტრუქტურაზე გაწეულ კოლოსალურ ხარჯებსა და საფონდო ბირჟაზე დაგეგმილ პირველად განთავსებას გაამართლებს.
დაგეგმილი IPO-ს ფონზე, კომპანიის ფინანსური პროგნოზები საკმაოდ ამბიციურია. არსებული ინფორმაციით, Anthropic-ი 2028 წლისთვის წლიური შემოსავლის $190 მილიარდიდან $200 მილიარდამდე გაზრდას ელოდება, რაზედაც პირდაპირ არის დამოკიდებული მისი სავარაუდო IPO შეფასება.




























