„ამბასადორი აილენდ ბათუმი" უბრალოდ დეველოპერულ კომპანიას აღარ წარმოადგენს. პროექტმა სრული სტრატეგიული ტრანსფორმაცია განახორციელა და საერთაშორისო ინვესტორებს მზა ბიზნეს-კონცეფციებს, სრულ დოკუმენტაციასა და Due Diligence-ის მხარდაჭერას სთავაზობს. რომელთა ერთობლიობაც, ბაზარზე შესვლის დროს მინიმუმ ორი წლით ამცირებს.
საერთაშორისო ინვესტორებისთვის განვითარებადი ბაზრების მთავარი დაბრკოლება ჩვეულებრივ ერთი და იგივეა: მაღალი ბიუროკრატია, სამართლებრივი გაურკვევლობა და Due Diligence-ის შრომატევადი პროცესი. სწორედ ამ პრობლემის გადაჭრაზე ააგო „ამბასადორი აილენდ ბათუმმა" ახალი სტრატეგია.
კომპანიამ სამი მსხვილი საერთაშორისო ორგანიზაციის გამოცდილება შეისწავლა: აბუ-დაბის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი ADIA, ინდონეზიის სუვერენული განვითარების ფონდი (INA) და სააგენტო „აწარმოე საქართველოში". ამ სამი მოდელის საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით განხორციელდა კომპანიის სრული რეპოზიციონირება.
„ჩვენ არ ვართ უძრავი ქონების რეალიზატორები, ჩვენ ბიზნეს-კონცეფციებს ვთავაზობთ. გვაქვს კონკრეტული ლოკაციები, მონაცემებზე დაფუძნებული ბიზნეს-გეგმები და გლობალური კომპანიების ჩართულობით მომზადებული არქიტექტურული კონცეფციები," განმარტავს გოჩა კამკია.
პრაქტიკულად ეს ნიშნავს, რომ ინვესტორი კუნძულზე მოდის არა ცარიელ ნაკვეთზე, არამედ სრულად მზა საინვესტიციო ლოკაციაზე: Off-the-shelf კომპანია, ანუ უკვე რეგისტრირებული იურიდიული პირი მზადაა, არქიტექტურული კონცეფცია დამტკიცებულია, საჭირო ნებართვების მიღების პროცესი კი კომპანიის მიერ კოორდინირდება.
„ზუსტად ვიცით, რა ეკონომიკური და სამართლებრივი კითხვები უჩნდება ინვესტორს Due Diligence-ის პროცესში. შესაბამისად, მზა პასუხებით ვხვდებით. საქართველოში ბიზნესის გახსნა ერთ დღეში შეიძლება," აცხადებს კამკია.
კომპანიის გენერალური დირექტორი ღიად საუბრობს განვითარებადი ბაზრის სპეციფიკაზეც. მისი თქმით, ინვესტორები ხშირად განვითარებულ ბაზარს ანიჭებენ უპირატესობას, რადგან იქ სისტემები ჩამოყალიბებულია და რისკი დაბალია. თუმცა განვითარებადი ბაზარი მათთვის მეტად ხელსაყრელია, მოგების მაღალი მარჟის გამო.
„განვითარებად ბაზრებზე, ინვესტორები ჩვეულებრივ სამ ბარიერს ხედავენ: მაღალი ბიუროკრატია, კორუფციის რისკი და ინტეგრირებული სისტემების სიმწირე. ჩვენი გზავნილი ისაა, რომ საქართველოში ეს სამივე საკითხი მოგვარებულია: ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი გადასახადები, გამჭვირვალე სამართლებრივი გარემო და სრულად მზა ინფრასტრუქტურა," აცხადებს გოჩა კამკია.




























