ირაკლი კობახიძემ ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი ენერგეტიკული სისტემისა და ენერგოუსაფრთხოების განვითარებაა. მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყანას აქვს ამბიციური გეგმა, რომლის მიხედვითაც 2036 წლამდე ელექტროენერგიის გენერაცია 2,5-ჯერ უნდა გაიზარდოს.
ირაკლი კობახიძემ სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა, რომ ღონისძიება 1927 წლიდან მოქმედ, საუკუნოვანი ისტორიის მქონე ჰესზე იმართებოდა, რომელმაც თავის დროზე გარდამტეხი როლი ითამაშა ქვეყნის განვითარებაში.
„დღესაც, რა თქმა უნდა და დღეს კიდევ უფრო მეტად, ენერგეტიკა ასრულებს განსაკუთრებულ როლს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. სამომავლოდაც ენერგეტიკის განვითარება დარჩება ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად. ის შედეგები, რაც ჩვენ გვაქვს ენერგეტიკის სფეროში, თითოეული თქვენგანის, თითოეული ენერგეტიკოსის დამსახურებაა — თქვენი შრომის, პროფესიონალიზმის, თქვენი საინჟინრო მიღწევების დამსახურება და ამისათვის თითოეულ თქვენგანს მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ“.
მისი განმარტებით, ეკონომიკის სამინისტროში განხორციელებულმა ოპტიმიზაციამ საფუძველი ჩაუყარა მომდევნო 10 წლის განვითარების ახალ ხედვას, რაც ენერგეტიკული ობიექტების შექმნასა და სისტემის თვისებრივ გაძლიერებას გულისხმობს.
„ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმა. ამბიციური გეგმის თანახმად, 2,5-ჯერ უნდა გაიზარდოს გენერაცია საქართველოში 2036 წლამდე. ეს არის ამბიციური გეგმა, თუმცა მისი განხორციელება არის სავსებით რეალური და ამისათვის მთლიანად ჩვენი გუნდი ძალისხმევას არ დააკლებს".
კობახიძემ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ადამიანურ კაპიტალს, სფეროში მოღვაწე პროფესიონალებსა და ახალი ინვესტიციების მოზიდვის აუცილებლობას:
„ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ადამიანურ კაპიტალს. პროფესიონალების ცოდნა არის ჩვენი წარსული წარმატების და ჩვენი სამომავლო წარმატების უმთავრესი გარანტი. ჩვენ გავაკეთებთ მაქსიმუმს იმისათვის, რომ მაქსიმალურად გონივრულად და რაციონალურად იყოს გამოყენებული ჩვენი რესურსები, ჩვენი პოტენციალი. გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ მოვიძიოთ ახალი ინვესტიციები ენერგეტიკის სფეროში, გავაძლიეროთ ინფრასტრუქტურა და ხელი შევუწყოთ თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებას ამ სფეროში“.
სიტყვის დასასრულს პრემიერ-მინისტრმა ტრადიციულად მადლობა გადაუხადა ეკონომიკის სამინისტროს ხელმძღვანელობას მინისტრ მარიამ ქვრივიშვილსა და დარგის კურატორ ინგა ფხალაძეს, ასევე ენერგეტიკის სექტორში მოქმედი სახელმწიფო საწარმოების ხელმძღვანელებსა და თითოეულ ენერგეტიკოსს.
























