ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ნარჩენების გადამტვირთავი თანამედროვე ტიპის სადგური გაიხსნა - ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ობიექტი საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს და ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტებს მოემსახურება.
გადამტვირთავ სადგურზე შესული ნარჩენები სპეციალურ კონტეინერებში განთავსდება, რის შემდეგაც მათი ტრანსპორტირება ტყიბულის მუნიციპალიტეტში მდებარე ნაგავსაყრელზე განხორციელდება.
„საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია აგრძელებს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას. ამბროლაურის მუნიციპალიტეტში გაიხსნა ნარჩენების გადამტვირთავი ახალი სადგური, რომლის ოპერირების შედეგად ამბროლაურში არსებული ნაგავსაყრელი დაიხურება. ახალი ობიექტი ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტებს მოემსახურება, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს როგორც მუნიციპალიტეტების, ისე მთლიანად რეგიონის ეკოლოგიურ მდგომარეობას. გარდა ამისა, გადამტვირთავი სადგურების ფუნქციონირება მუნიციპალიტეტებს ნარჩენების ტრანსპორტირების დროისა და ხარჯების შემცირების შესაძლებლობას მისცემს,“ - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ნარჩენების გადამტვირთავი თანამედროვე ტიპის სადგურის გახსნას სოლომონ პავლიაშვილი საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორ მიხეილ გოგოლიძესთან, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ პარმენ მარგველიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ნარჩენების გადამტვირთავი ახალი ობიექტის ამოქმედების შედეგად დამატებითი სამუშაო ადგილები შეიქმნა, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდა.
ამასთან, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ უკვე დაიწყო ამბროლაურის მუნიციპალიტეტში არსებული ძველი ნაგავსაყრელის დახურვისთვის საჭირო პროცედურები. აღნიშნული ნაგავსაყრელი 2005 წლიდან ფუნქციონირებს.




























