მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფერმერებმა 5 500 ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლის ჩაბარებით ₾1.4 მილიონის შემოსავალი მიიღეს

არასტანდარტული ვაშლი

სახელმწიფო პროგრამაში ჩართულმა 10-მა ხილის გადამმუშავებელმა საწარმომ 2026 წლის 1 ოქტომბრიდან 13 ოქტომბრამდე პერიოდში 5 500 ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარა. შედეგად, ფერმერებმა 1.4 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს, საიდანაც სახელმწიფო სუბსიდია 500 000 ლარს აჭარბებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პროდუქციას შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებში არსებული ხილის გადამმუშავებელი საწარმოები იბარებენ.

პროგრამის ფარგლებში, 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე სახელმწიფო სუბსიდია 10 თეთრია.

პროგრამაში ჩართვა შეუძლია ხილის გადამმუშავებელ ნებისმიერ საწარმოს, რომელიც 2026 წლის 18 დეკემბრამდე მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 25 თეთრად შეისყიდის.

სამინისტროს ცნობით, არასტანდარტული ვაშლის ორგანიზებულად ჩაბარების უზრუნველსაყოფად უწყების გადაწყვეტილებით საკოორდინაციო შტაბი ფუნქციონირებს.

ცნობისთვის, აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამას არასტანდარტული ვაშლის შემსყიდველი საწარმოებისთვის ახალი კომპონენტი დაემატა. მთავრობის 3 ნოემბრის დადგენილებით, საწარმოები არასტანდარტული ვაშლის შესაძენად და გადასამუშავებლად შეღავათიანი აგროკრედიტის მიღებას შეძლებენ. ერთი ბენეფიციარისთვის სესხის მაქსიმალური მოცულობა 5 მილიონი ლარი იქნება, მინიმალური კი 500 ათასი ლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები