ვაშლის მწარმოებელი ფერმერი ნიკო ნიკოლაძე მიიჩნევს, რომ არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირების პროგრამის არსებული ფორმით გაგრძელება მიზანშეწონილი არ არის. მან ამის შესახებ BM.GE-სთან განაცხადა.
საქმე ისაა, რომ სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფოს გადაწყვეტილებით, ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამა 10 წლის შემდეგ შეწყდა, თუმცა მთავრობის 8 ოქტომბრის განკარგულების მიხედვით, მთავრობამ პროგრამა დააბრუნა და ვაშლის ჩაბარება წელსაც 10 თეთრით დასუბსიდირდება. ირაკლი კობახიძის ხელმოწერილი დოკუმენტით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს „არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამისთვის“ ასიგნებებიდან 4.5 მლნ ლარის მოძიება და მიმართვა დაევალა.
ნიკო ნიკოლაძე განმარტავს, რომ პროგრამა ფერმერებს არ აძლევს მოტივაციას, ძველი ბაღები განაახლონ ან სხვა მიზნობრიობით გამოიყენონ, რადგან უხარისხო მოსავალში თანხის მიღებას ახერხებენ.
"ჩემი აზრით, აღნიშნული სუბსიდირება არასწორია. უბრალოდ, შეიძლება რაღაც გარდამავალი ეტაპი ყოფილიყო მოფიქრებული და ჯერ შეემცირებინათ და მერე გაეუქმებინათ, ან მიზნობრივად ვიღაცები დაესუბსიდირებინათ ან რაღაც მსგავსი. წინა წლებში, როგორღაც იყო ეს სუბსიდირება, ნუ, ფაქტობრივად, ჩემი აზრით, არაფრის მომტანი არ იყო. ვიღაცებს ჰქონდათ მოტივაცია, რომ შეენარჩუნებინათ ძველი ბაღები, რომლებსაც არ უვლიდნენ, წლიდან წლამდე იყო მიტოვებული, ეს ბაღები რაღაცა ისხამდა, შემდეგ ძირს ცვიოდა ვაშლი და ამ ვაშლში იღებდნენ თანხას. ეს პირიქით დემოტივატორი არის შეიძლება ითქვას, იმ კონკრეტული მიწის მფლობელისთვის ან ძველი ბაღის მფლობელისთვის, რომ მოიფიქროს რაღაც ახალი, გააკეთოს თანამედროვე ბაღი, მით უმეტეს იმის კვალდაკვალ, რომ სოფლის განვითარების სააგენტოს აქვს მხარდაჭერის პროგრამები ახალი ბაღების გაშენებასთან მიმართებით. ძველი ბაღების მფლობელებს, მოტივაცია, რომ შეინარჩუნონ ეს ძველი და უხარისხო პროდუქციის წარმოება, არ უქრებათ. მე არ ვთვლი მიზანშეწონილად ამ ტიპის სუბსიდირების შენარჩუნებას. ყოველ შემთხვევაში, იმ სახით, რომელიც აქამდე არსებობდა", - ამბობს ფერმერი.
ნიკო ნიკოლაძეს თანამედროვე ვაშლის ბაღი 150 ჰექტარზე აქვს კასპის რაიონში. BM.GE ასევე დაინტერესდა, როგორ აფასებს ფერმერი სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის განახლებულ პროგრამას, რაზეც ის აღნიშნავს, რომ პროგრამები დახვეწას საჭიროებს: "ჩვენ ვმუშაობთ ამასთან დაკავშირებით სოფლის განვითარების სააგენტოსთან. გვაქვს მუდმივი უკუკავშირი. ამ ეტაპზე ვერ ვიტყვი, რომ სრულყოფილია პროგრამა, საჭიროებს რაღაც ტიპის ცვლილებების შეტანას, რომლის მიმართაც ღიაობა სააგენტოს აქვს",- აღნიშნავს ნიკო ნიკოლაძე.
სოფლის განვითარების სააგენტოს მონაცემებით, სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში, 2014-2025 წლებში, კომპანიების მიერ შესყიდული არასტანდარტული ვაშლის რაოდენობამ 309,863,388 კილოგრამი შეადგინა, რომლის საერთო ღირებულება 74,096,330 ლარი იყო. სააგენტოს სუბსიდია გაეწია 24 ხილის გადამმუშავებელ კომპანიას ჯამური თანხით 27,964,351 ლარი.
























