საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, ქალაქ ამბროლაურში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციისთვის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოებს იწყებს.
შესაბამის ხელშეკრულებას ხელი გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ, ნინო ნაროზაშვილმა და ტენდერში გამარჯვებული კომპანიის - შპს ‘გეოპლასტ’-ის დირექტორმა, კონსტანტინე საღარეიშვილმა მოაწერეს.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია რეზერვუარებისა და არსებული სათავე ნაგებობების სრული რეაბილიტაცია. დამატებით მოეწყობა გამწმენდი ნაგებობა, მაგისტრალური მილები და წყალმომარაგების სრულიად ახალი ქსელი.
პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით 13 მლნ ლარზე მეტი მოხმარდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ მოსახლეობა 24-საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.