მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაკურიანის, ამბროლაურის და თერჯოლის წყალმომარაგებისთვის ₾124 მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა

წყალი GWP

საქართველოს რეგიონებში სასმელი წყლის მიმწოდებელმა “გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ” გამოაცხადა 4 ტენდერი საერთო ღირებულებით 124 მილიონი ლარი, რომლითაც ბაკურიანის, ამბროლაურისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტების წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემები უნდა აშენდეს.

სატენდერო განაცხადების თანახმად, საუბარია წყლის სათავე ნაგებობების მოდერნიზება-გაახლებაზე, საქაჩი სადგურების მოწყობაზე, სოფლებისა და ქალაქების დაქსელვაზე და მომხმარებლებისთვის უკეთესი სერვისის მისაწოდებლად ახალი ინფრასტრუქტურის აშენებაზე. 

თანხობრივად ტენდერები ასე ნაწილდება:

  • ქალაქ ამბროლაურის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტირება - მშენებლობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა - 18.75 მილიონი ლარი;
  • ქალაქ თერჯოლის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტირება - მშენებლობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა - 18.5 მილიონი ლარი;
  • ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანის წყალმომარაგების ქსელის პროექტირება-მშენებლობისა და წყალარინების ქსელის მშენებლობის სამუშაოები, პირველი ზონის სახელმწიფო შესყიდვა - 51.4 მილიონი ლარი;
  • ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანის წყალმომარაგების ქსელისა და რეზერვუარების პროექტირება-მშენებლობისა და წყალარინების ქსელის მშენებლობის სამუშაოების მეორე ზონის სახელმწიფო შესყიდვა - 35.8 მილიონი ლარი.

“2.2.1.1. პრეტენდენტს 2017 წლის 1 იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე, საქართველოს ტერიტორიაზე ან/და სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე (უცხო ქვეყნის შემთხვევაში გარდა იმ ქვეყნის ტერიტორიისა, სადაც რეგისტრირებულია პრეტენდენტი), ერთი შესრულებული ხელშეკრულების ფარგლებში დასრულებული უნდა ჰქონდეს სასმელი წყლის წყალმომარაგების ან/და საყოფაცხოვრებო წყალარინების ან/და მსგავსი სამუშაოები (სატუმბო სადგურები, სადაწნეო მილები, სასმელი წყლის ჭაბურღილები, თვითდენითი სანიაღვრე მილების მოწყობის სამუშაოები), ღირებულებით არანაკლებ წინამდებარე ტენდერის შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 50%-ის ოდენობისა ან არაუმეტეს 5 (ხუთი) შესრულებული ხელშეკრულების ფარგლებში დასრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოები ღირებულებით წინამდებარე ტენდერის შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების არანაკლებ 60%-ისა,”- ნათქვამია ტენდერის პირობებში. 

ტენდერში კომპანიებს წინადადებების წარდგენა 11-დან 16 ნოემბრამდე შეეძლებათ. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები