მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარტვილიდან გადაყვანილი ძაღლების მონიტორინგი დასრულდა - ცხოველებს ერთი კვირის განმავლობაში გააჩუქებენ

მარტვილი

სურსათის ეროვნული სააგენტოს ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის ფარგლებში, მარტვილის მუნიციპალიტეტიდან ცოფზე დაკვირვების მიზნით გადაყვანილი ცხოველებისთვის კანონმდებლობით განსაზღვრული 6-თვიანი საზედამხედველო ვადა ამოიწურა.

დაავადების ინკუბაციური პერიოდის გასვლის შემდეგ, ცხოველთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დადებითად შეფასდა. პროგრამის ეკიპაჟებმა ძაღლები იმერეთის ინტერმუნიციპალურ თავშესაფარში გადაიყვანეს, სადაც მათ კანონმდებლობით გათვალისწინებული სრული ვეტერინარული პროცედურები - სტერილიზაცია/კასტრაცია, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია და იდენტიფიკაცია ჩაუტარდათ.

როგორც ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის უფროსის მოადგილე ცირა ნაფეტვარიძე აღნიშნავს, პროცესი ცხოველთა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების სრული დაცვით წარიმართა.

"ამ ეტაპზე საზედამხედველო პერიოდი გასულია. სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარი ინსპექტორის მიერ განხორციელდა ძაღლების დათვალიერება და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეფასებული იქნა დადებითად. ყველა უკლებლივ ექვემდებარება ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანას, სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული მანიპულაციების ჩატარების მიზნით. აღნიშნული ემსახურება ცხოველისა და ადამიანის ჯანმრთელობის დაცვასა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფას", - აცხადებს ცირა ნაფეტვარიძე.

ერთი კვირის განმავლობაში მსურველებს ძაღლების აყვანა და გაჩუქება თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ თავასაში მოწყობილი სპეციალური სივრციდან შეეძლებათ, სადაც ისინი კარანტინის პერიოდს გადიოდნენ. იმ ცხოველებს კი, რომლებსაც პატრონი არ გამოუჩნდებათ, კანონმდებლობის შესაბამისად, ბუნებრივ არეალში - პირვანდელ ლოკაციებზე დააბრუნებენ.

საქართველოს ცხოველთა ფედერაციის (GAF) ხელმძღვანელის, დავით ჩიქვილაძის განცხადებით, ორგანიზაციამ ცხოველებზე სრული პასუხისმგებლობა მარტვილში დაფიქსირებული შემთხვევისთანავე აიღო.

"მარტვილის რაიონში მომხდარ ცოფის შემთხვევასთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გადმოყვანილ ცხოველებზე სრული პასუხისმგებლობა აიღო საქართველოს ცხოველთა ფედერაციამ, რა პერიოდშიც ჩვენ უზრუნველვყავით მათი მოვლა-პატრონობა და კეთილდღეობა. აღნიშნულ პერიოდში ეროვნული სააგენტოდან პერიოდულად მოდიოდნენ ვეტერინარები, ხდებოდა მათი ზედამხედველობა და მონიტორინგი. ყველა ცხოველი ჯანმრთელია, სახეზეა და ისინი დღეს უკვე დაუბრუნდებიან ქუთაისში თავშესაფარს", - განაცხადა დავით ჩიქვილაძემ.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის მაისში მარტვილის მუნიციპალიტეტიდან იმერეთის ინტერმუნიციპალურ თავშესაფარში 30 ძაღლი გადაიყვანეს. სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ინფრასტრუქტურისა და სტანდარტებთან შესაბამისობის შემოწმების შემდეგ, ცხოველებზე მზრუნველობა საქართველოს ცხოველთა ფედერაციამ ითავა და ისინი თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სპეციალურად მოწყობილ იზოლირებულ სივრცეში განათავსეს, სადაც 6 თვის განმავლობაში უწყვეტი მონიტორინგი მიმდინარეობდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები