მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მზად ვარ, $1.5 მლნ-ის ღირებულების ძაღლების თავშესაფარი გავაჩუქო | თამაზ ელიზბარაშვილი პირობებს ასახელებს

თამაზ ელიზბარაშვილი

საპროცესო შეთანხმების გაფორმებისა და ციხის დატოვების შემდეგ თამაზ ელიზბარაშვილი აცხადებს, რომ ძაღლების თავშესაფარს, რომლის ღირებულებაც 1.5 მილიონი დოლარია, ერთი პირობით გააჩუქებს.

თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფრის Facebook გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში, ის ამბობს, რომ ამ ქველმოქმედებას 23 წლის განმავლობაში ემსახურებოდა, თუმცა პატიმრობის შემდეგ პირობითი სასჯელისა და ჯარიმის გადახდის შემდეგ, მზაობას გამოთქვამს რომ ქონება, სადაც ძაღლების თავშესაფარია, უცხოელ ან ქართველ ბიზნესმენზე გააჩუქოს.

„23 წელია შეხიდული ვიყავი ჩემს ქვეყანას, ჩემს საქართველოს. საქართველოში ჩამოსულ ტურისტები როცა ქუჩაში ტრავმირებულ ძაღლს ხედავდნენ ჩემთან მოჰყავდათ თავშესაფარში და ყველა ძაღლს ვეხმარებოდი საქართველოში. ძალიან ბევრი მადლობის წერილი მაქვს ტურისტებისგან. მიხაროდა, რომ საქართველოში იყო სიკეთის კერა, რასაც თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი ერქვა. ეს იყო ჩემი ქვეყნის იმიჯიც და სახელიც.

მერე თქვენ იცით რაც მოხდა - ვთვლი, რომ ვიმსახურებდი იმას, რომ ამდენი ხანი ციხეში არ გავეშვი. ჩემი სასჯელი ითვალისწინებდა იძულებით შრომას, ან ჯარიმას ან ციხეს ვადით ერთ წლამდე. რა დანაშაული ჩავიდინე 7 კაცი, რომლებმაც ცოლთან ერთად „მაკაჩავეს“, ცოლი ავიყვანე სახლში დავტოვე და უკან ჩავაკითხე და იქ რომ არ დამხვდნენ დავემუქრე და ვუთხარი, რომ ბოდიში გაქვთ მოსახდელითქო. ეს მუქარა საფუძველი გახდა იმის, რომ დამიჭირეს.

მგონი, ვიმსახურებდი, რომ ციხეში არ გავეშვი და ჯარიმა გადამეხადა და ჯარიმაც გადამახდევინეს, ციხეშიც ვიყავი და პირობითიც გამომაყოლეს. ძალიან ნაწყენი ვარ, სხვა გამოსავალი რომ არ დამიტოვეს - ერთი წელი ციხეში რომ არ დავმჯდარიყავი, შევთავაზე ჯარიმას გადავიხდი და რა სიკეთესაც ნებით ვაკეთებ ჩამითვალეთ იძულებით მუშაობაში და გამიშვითთქო, მაგრამ არა. ბოლოს რაზეც შევთანხმდით მოვუწერე ხელი და გამოვედი - 2 თვე ციხეში ვიყავი, ჯარიმა ჯარიმად გადამახდევინეს, თან ცოტა არა, დიდი თანხა გადამახდევინეს. ამიტომ მე გადავწყვიტე, მოგეხსენებათ ჩემი თავშესაფარი სად მდებარეობს - გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩაზე 1000 კვ.მ.-ია. მთლიანი ტერიტორიის ღირებულება 1.5 მილიონი დოლარზე მეტია. მზად ვარ, ნებისმიერი ქვეყნის ბიზნესმენს გინდა უცხო ქვეყნის იყოს, გინდა ადგილობრივი, თავშესაფარი საკუთრებაში მივცე თავისი შენობა-ნაგებობებით და მიწით - ანუ $1.5 მილიონის ღირებულების ვაჩუქო, იმ პირობით რომ 5 წელი აკეთოს ის ქველმოქმედება, რასაც მე ვაკეთებდი. 5 წლის შემდეგ შეუძლია ეს ქველმოქმედება შეწყვიტოს და იმ ტერიტორიაზე კორპუსები ააშენოს, რასაც თვითონ ჩათვლის საჭიროდ. მზად ვარ ნებისმიერ ბიზნესმენს გავუფორმო ხელშეკრულება. ვნახოთ, საქართველოში გამოჩნდება ისეთი ბიზნესმენი, ვინც ამ ქველმოქმედებას გააკეთებს. 5 წელი იმიტომ ვთქვი, რომ ის ხარჯი რომ დაიანგარიშო რაც ამ ქველმოქმედებაში უნდა გაიღოს, 45% კიდევ მოგება რჩება“, - განაცხადა თამაზ ელიზბარაშვილმა.



ცნობისთვის, თამაზ ელიზბარაშვილს ბრალი პროკურატურამ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა, რაც გულისხმობს როდესაც დაზარალებულს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახით ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მუქარის ბრალდებით დაკავებული ბიზნესმენი, თამაზ ელიზბარაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმა. თამაზ ელიზბარაშვილი სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს და 9 თვე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, რაც პირობითად ჩაეთვალა, 1 წლის გამოსაცდელი ვადით, ასევე, დამატებით დაენიშნა ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები