ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში აცრებს 281 ბრიგადა ატარებს და თითოეული დღეში დაახლოებით, 60 ადამიანს ცრის. სტატისტიკური მონაცემები მინისტრმა დღეს კლინიკების წარმომადგენლებთან შეხვედრის დაწყებისას გააჟღერა.
„ამ ეტაპზე ვაქცინაციის პროცესში ჩართულია 200-მდე კლინიკა და 281 ამცრელი ბრიგადა; თითოეული ამცრელი ბრიგადის გამტარუნარიანობა არის 60 პაციენტი დღეში 8-საათიანი გრაფიკით, თუმცა გასულ კვირაში კლინიკებმა გვითხრეს, რომ მათ შეუძლიათ, გაზარდონ გამტარუნარიანობა როგორც - კლინიკების რაოდენობის, ასევე, შესაბამისი საათების დამატებით, შესაბამისად, გავზრდით სამუშაო საათებს.
იმ რესურსით, რაც ამ ეტაპზე საქართველოში არის მობილიზებული, შეგვიძლია, დღიურად 17 ათასი მოქალაქის აცრა, რაც 25-დღიან სამუშაო ჭრილში ნიშნავს ნახევარი მილიონი მოქალაქის აცრას“, - განაცხადა ტიკარაძემ და დასძინა, რომ 25 დღეში ნახევარი მილიონი ადამიანის აცრა "საკმაოდ კარგი მაჩვენებელი იქნება".
რაც შეეხება დღეისთვის აცრილი მოქალაქეების სტატისტიკას, მინისტრის ინფორმაციით, უკვე აცრილია უკვე 262 ათასზე მეტი მოქალაქე.
„ეს დიდი რიცხვი არ არის, თუმცა საკმაო დინამიკა აქვს ვაქცინაციის პროცესს. მოვუწოდებ მოქალაქეებს, მასობრივი ვაქცინაციის დაანონსების შემდეგ კიდევ უფრო მეტად იაქტიურონ“, - განაცხადა მინისტრმა.




























