მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ფინანსურ-ტექნოლოგიური კომპანია, ამერიკული American Express-ი საინტერესო გარიგებაში შედის და $400 მილიონად რესტორნების ჯავშნების პლატფორმა Tock-ს ყიდულობს, რომელიც ამ დრომდე, პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი ამერიკული კორპორაციის, Squarespace-ის საკუთრება იყო.
ამრიგად, AmEx-ის მიზანს სარესტორნო ბაზრის მეტად ათვისება წარმოადგენს, რაც გასაკვირი არ არის, თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ სექტორზე AmEx-ის მომხმარებლებმა შარშან $100 მილიარდი დახარჯეს. თუმცა არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ მსგავსი გარიგება 2019 წელსაც შედგა, როცა American Express-მა ასევე ამერიკული Resy შეიძინა, რომელიც, სხვათა შორის, ცნობილმა ანტრეპრენიორმა, გერი ვაინერჩუკმა დააფუძნა. თუმცა AmEx-ის შესყიდვებს შორის კიდევ ერთი უნდა აღვნიშნოთ, რომელიც უკონტაქტო გადახდების კომპანიის, Rooam-ის შესყიდვას უკავშირდება, რომელიც ასევე სარესტორნო ბიზნესში ოპერირებს.
შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ Tock-ის შესყიდვით, AmEx-ის მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი რესტორნების ბაზა სავარაუდო 7,000-ით გაიზრდება, ხოლო ფინანსური კომპანიის გართობის ინდუსტრიის პორტფელი უკიდეგანოდ გაიზრდება. თავად ეს ფაქტი კი იმით არის განპირობებული, რომ ბოლო წლებში, საკრედიტო ბარათების ემიტენტმა კომპანიებმა გადასახადები მკვეთრად გაზარდეს, მაგრამ საპირწონედ ამისა, მომხმარებლებისთვის მეტი მრავალფეროვანი სერვისის შეთავაზება დაიწყეს, მათ შორისაა უნიკალური სარესტორნო შეთავაზებები, გამარტივებული ჯავშნები და ქეშბექები.
აუცილებლად უნდა ვთქვათ ისიც, რომ American Express-ის ბოლოდროინდელი ქმედებები კომპანიის ინვესტორებს ძალიან ახარებთ. წლის დასაწყისიდან დღემდე, კომპანიის აქციები 23%-ითაა გაძვირებული, ხოლო ერთწლიან პერიოდში ზრდა თითქმის 40%-ია. გასულ ხუთ წელიწადში კი, კომპანიის ღირებულება 87%-ით გაიზარდა, ანუ ფაქტობრივად გაორმაგდა.