აშშ-ის საბანკო სექტორის მარეგულირებელმა ორგანომ საფინანსო გიგანტი American Express-ი $350 მილიონით დააჯარიმა. უწყების დასკვნით, ბანკის მიერ ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართული პროგრამები არასაკმარისი აღმოჩნდა, რის გამოც კომპანიას, შესაძლოა, მილიარდობით დოლარის საეჭვო ტრანზაქციები გამოჰპაროდა.
რეგულატორის განცხადებით, ხარვეზები ძირითადად კომპანიის ადგილობრივ ოპერაციებს უკავშირდება, სადაც უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთის პროგრამა არასაკმარისი რესურსების, გამოუცდელი პერსონალის და სუსტი შიდა კონტროლის მექანიზმების გამო არასათანადოდ მუშაობს.
გარდა ამისა, მარეგულირებლის შეფასებით, მონიტორინგისა და ანგარიშგების სისტემურმა ხარვეზებმა განაპირობა ის, რომ American Express-მა ბოლო ათწლეულის განმავლობაში დაახლოებით $13 მილიარდის საეჭვო საქმიანობის იდენტიფიცირება, შეფასება და შესაბამისი ანგარიშგების წარმოება ვერ უზრუნველყო.
უწყების განმარტებით, American Express-ი ძირითადად საკუთარი სადეპოზიტო პროდუქტების რისკებზე იყო კონცენტრირებული, ხოლო გაცილებით დიდ საკრედიტო ბარათების ბიზნესს საკმარის ყურადღებას არ უთმობდა.
რაც შეეხება ბანკის პოზიციას, American Express-ს მარეგულირებლის მიგნებები ოფიციალურად არც უარყვია და არც დაუდასტურებია. კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, სტეფან სკერიმ განაცხადა, რომ ბანკი სრულად არის მზად არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად. მან ასევე დასძინა, რომ დაკისრებული ჯარიმა და შესაბამისობის უზრუნველყოფის ხარჯები კომპანიის 2026 და 2027 წლების ფინანსურ პროგნოზებზე გავლენას არ იქონიებს.
























