2025 წლის 25 ივლისს, American Express-მა გამოაქვეყნა განცხადება, რომლის მიხედვითაც კომპანია მზად არის საკუთარი საგადახდო სისტემა საქართველოს ყველა ბანკისთვის გახსნას. ამავე ინფორმაციის მიხედვით, კომპანიას განზრახული აქვს ითანამშრომლოს იმ ბანკებთან, რომლებიც გამოთქვამენ ინტერესს American Express-თან გლობალური ქსელის ბარათების ემისიასა და ექვაირინგზე საქართველოში. ეროვნული ბანკი მიესალმება ამ გადაწყვეტილებას. სებ-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ American Express-ის მიერ ბარათების ყველა ბანკისთვის შეთავაზება ქვეყნის საგადახდო ბაზარზე კონკურენციას გაზრდის.
"American Express-ის გადაწყვეტილება საგადახდო სქემის გახსნის შესახებ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს საგადახდო ინდუსტრიაში ეფექტიანი კონკურენციის წახალისებისკენ.
აღსანიშნავია, ამ პროცესში საქართველოს ეროვნული ბანკის როლი, რომელიც მისთვის მინიჭებული მანდატის შესაბამისად, საფინანსო სექტორში კონკურენციის კანონმდებლობის ეფექტიან აღსრულებას უზრუნველყოფს.
საქართველოს საგადახდო კანონმდებლობა, რომლის კონცეპტუალურ საფუძველს ევროკავშირის საგადახდო კანონმდებლობასთან ჰარმონიზაცია წარმოადგენს, უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს საგადახდო სისტემებსა და საგადახდო სქემებზე ობიექტური, პროპორციული და არადისკრიმინაციული წვდომის გარანტირებასა და საფინანსო ინსტიტუტებს შორის საგადახდო სფეროში კონკურენციის გაძლიერებას", - ნათქვამია სებ-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, ამჟამად American Express-ის ბარათებზე ბაზრის 14.6% მოდის და სულ ამ საგადახდო სისტემის 1.5 მილიონი ბარათი არის საქართველოში გამოშვებული. ბაზრის ლიდერია მასტერქარდი, რომლის 11.3 მილიონი ბარათი არის საქართველოში მოქმედი (წილი 52%), მეორე ადგილს იკავებს Visa 2.9 მილიონი ბარათით (წილი 28%), ხოლო მესამე ადგილზე კი American Express-ია 1.5 მილიონი ბარათით.
არსებული მდგომარეობით, American Express-ის ბარათები მხოლოდ საქართველოს ბანკის მიერ გაიცემა.




























